პოლიტიკა
    2026-08-17 | 15:10

    „ძლიერმა საქართველომ“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დაბრუნების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

    „ძლიერმა საქართველომ“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დაბრუნების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

    კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას ასაჩივრებს.

    როგორც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, კოალიცია ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

    მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, სადაც, სიორიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო მანიპულაციების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მმართველმა პარტიამ მხოლოდ 13 პროცენტი მიიღო.

    „ამის პასუხად, „ქართულმა ოცნებამ“ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს პრაქტიკულად წაართვა საზღვარგარეთ საარჩევნო ხმის უფლება. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები უკვე აღარ გაიხსნება. განსაკუთრებით ცინიკური იყო მათგან ემიგრანტებისადმი პასუხი: „ჩვენ არ ვართმევთ საარჩევნო უფლებას, ყველას შეუძლია ჩამოვიდესო“. ეს რამდენად არარეალურია, ყველას მოეხსენება“, – განაცხადა სიორიძემ.

    მისივე თქმით, კოალიცია წლების განმავლობაში იბრძოდა საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბნის გახსნისა და ემიგრანტების პოლიტიკურ პროცესში ჩართულობისთვის.

    სიორიძის განცხადებით, კოალიციამ თვეების განმავლობაში იმუშავა საკონსტიტუციო სარჩელზე და მიიჩნევს, რომ საკითხი მხოლოდ რეგულაციის ცვლილებას არ წარმოადგენს და ის „ანტიკონსტიტუციური აქტია“.

    „ეს სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა, ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე, გახდეს მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო კვალიფიციური იურისტები გაუწევენ მათ სამართლებრივ წარმომადგენლობას სასამართლოში“, – განაცხადა მან.

    სიორიძის თქმით, კოალიციას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინი მაღალი არ აქვს, თუმცა, მისივე შეფასებით, პოლიტიკური პარტიის ბრძოლა „ყველა ველზე ბრძოლას გულისხმობს“.

    „ჩვენ ვებრძვით რეჟიმს. რეჟიმი ცდილობს, მოქალაქეებს შეუზღუდოს და წაართვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ჩვენ კი ვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის მეთოდსაც“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.