პოლიტიკა
    2026-09-01 | 12:04

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მორდორის კიდევ ერთ კარიბჭედ არის ქცეული - ირაკლი ფავლენიშვილი

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მორდორის კიდევ ერთ კარიბჭედ არის ქცეული - ირაკლი ფავლენიშვილი

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივი და, მისი შეფასებით, უკონტროლო შემოსვლის ერთ-ერთ მთავარ კარიბჭედ არის ქცეული.

    როგორც ფავლენიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის მოქალაქეების ტურიზმს არ ეწინააღმდეგება, თუმცა, მისი თქმით, მიუღებელია საქართველოში ქართველი მოქალაქეებისა და ქართული ბიზნესის ჩანაცვლების საფრთხე.

    „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქცეული მორდორის კიდევ ერთ კარიბჭედ საქართველოში. აქ პუტინის რუსეთიდან, ანუ მორდორიდან, უკონტროლოდ, მასობრივად შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები. როგორც „ოცნების“ რუსული პროპაგანდა გვეუბნება, ამ ხალხის დიდი ნაწილი ტურისტი არ გახლავთ.

    ჩვენ ვებრძვით არა ტურიზმს და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოში მოხდეს საქართველოს მოქალაქეების, ქართული ბიზნესის ჩანაცვლება.

    მარტო 2022 წლიდან მოყოლებული, 40 ათასამდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა საქართველოში. ეს კომპანიები ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფს, კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

    მისივე თქმით, ბოლო პერიოდში რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის ინტენსივობამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია.

    „მნიშვნელოვანია, რომ არასდროს ისეთი ინტენსიური ფრენები არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც დღეს არის. არც საბჭოთა კავშირის დროს. მაგალითად, მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე რეისი ხორციელდება მთელი დღის განმავლობაში, მარტო „ჯორჯიან ეარვეისი“ დაახლოებით ოთხ რეისს ახორციელებს.

    არის სრულიად ახალი მიმართულებებიც, რომლებიც აქამდე არც არსებობდა, თან ეს არის რუსეთის ინდუსტრიული ცენტრები. გონივრული ეჭვი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ რიგ შემთხვევაში სანქციების გვერდის ავლასთანაც გვქონდეს საქმე“, - აღნიშნა მან.

    ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარი საფრთხე „საქართველო ქართველების გარეშე“ და ქვეყანაში რუსიფიკაციის დაჩქარებული ტემპებია.

    „მთლიანობაში კი, მთავარი საფრთხე არის საქართველო ქართველების გარეშე, რუსიფიკაციის დაჩქარებული ტემპები. მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის სისტემის დემონტაჟის შემდეგ იქნება საქართველოს მოქალაქე და ქართული ბიზნესი ამ ქვეყანაში რუსული საფრთხისგან დაცული“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.