პოლიტიკა
    2026-09-01 | 14:49

    არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას 2008 წლის ომის დაწყებას აბრალებს - გია ვოლსკი

    არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას 2008 წლის ომის დაწყებას აბრალებს - გია ვოლსკი

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი იმის მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას 2008 წლის ომის დაწყებას აბრალებს.

    როგორც ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს, რომლებზე პასუხების გაცემაც, მისი შეფასებით, გარკვეულ კონსპირაციაზე მიუთითებს.

    „არავითარი წინაპირობა, საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას. ასეული შემთხვევა შეიძლება გავიხსენო, თუ რა კომენტარს აკეთებდა დღევანდელი ხელისუფლება, მათ შორის იმ პერიოდის ადამიანები, რომლებიც თავისუფალ სივრცეში მსჯელობას არ ერიდებოდნენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

    მისივე თქმით, კითხვებს საჭირო პასუხები უნდა გაეცეს, მათ შორის, რატომ არ მოხდა ივლისში განგაშის ატეხვა და რატომ არ იქნა მოწვეული უშიშროების საბჭო, როდესაც როკის გვირაბის მიღმა სამხედრო გადაადგილებები მიმდინარეობდა.

    „რატომ იყო სულ ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთს არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი? რატომ არ იყო 8 აგვისტოს შუადღემდე საუბარი იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა საფრთხეს, რომ ქვეყანაში ოკუპაცია უნდა მომხდარიყო? რატომ არ გაიყვანეს მოსახლეობა? რატომ აძალებდნენ სახელმწიფოს მიერ უკანონოდ შექმნილ სტრუქტურებს, რომ იმ რეგიონში დარჩენილიყვნენ?“, - აღნიშნა მან.

    ვოლსკიმ ასევე გააკრიტიკა 2008 წლის ომთან დაკავშირებული რეზოლუცია და განაცხადა, რომ საკითხის განხილვა მხოლოდ იმაზე დავამდე არ უნდა დავიდეს, ომი 7 თუ 8 აგვისტოს დაიწყო.

    „რატომ მოაწერეს ხელი ისეთ რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სწორედ საქართველოა მიზეზი იმისა, რომ ომი დაიწყო და ფართომასშტაბიანი გახდა? სულ სხვა კონტექსტით უნდა იქნეს ეს საკითხი განხილული და არა პრიმიტიულად - 7-ში დაიწყო ომი თუ 8-ში. საიდან დაიწყო, როგორ ვითარდებოდა და ვის რა ინტერესი ჰქონდა ამასთან დაკავშირებით?! განგაში რატომ არ ატყდა ივლისში?! უშიშროების საბჭოს რატომ არ მიმართეს, როდესაც ყველამ იცოდა, რომ სამხედრო სვლები მიმდინარეობდა როკის გვირაბის იქით?!“, - განაცხადა ვოლსკიმ.

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, დღესაც არსებობს მცდელობები, რომ საქართველოში ახალი დაპირისპირების კერა გაჩნდეს, თუმცა ხელისუფლების პოლიტიკა ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზეა ორიენტირებული.

    „ჩვენი პოლიტიკა ემყარება ერთ მთავარ მიზანს - შეიქმნას ისეთი სიტუაცია, ნდობის ის ხარისხი იყოს, რომ როდესაც დადგება გარკვეული პერიოდი, ამ ვითარებაზე, რასაც ჩვენ უნდა ვქმნიდეთ, აშენდეს სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების გარკვეული შენობა. ამას სჭირდება მოთმინებით და ინტენსიურად, გეგმაზომიერად მუშაობა“, - აღნიშნა მან.

    ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მთავარი ამოცანა საზოგადოებებს შორის ნდობისა და სტაბილური ურთიერთობების შექმნაა.

    „ამოცანა არის ერთი - რომ ჩვენმა შვილებმა დღეს ერთმანეთს უყურონ არა თოფის სამიზნიდან, არამედ თვალებში ჩახედონ. ჯანსაღი მომავლის შესაქმნელად საჭიროა სტაბილური დამოკიდებულება“, - განაცხადა მან.

    ვოლსკიმ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე საქართველოს, მისი შეფასებით, დამნაშავის სტატუსი ჰქონდა, ხოლო შემდგომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე მოიგო.

    „„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, სწორედ მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი და ვერც სტრასბურგის სასამართლოში ვერ იქნებოდა მოგებული ის საკმაოდ რთული საქმეები, რომლებიც ჩვენმა იურისტებმა მოიგეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

    მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარი ნდობის მშენებლობის პროცესის გაგრძელებაა და ამ პროცესის დაზიანება, მისი შეფასებით, „ყალბი განცხადებებითა და პროპაგანდისტულ ველზე დივერსიული შემოჭრით“ შეიძლება მოხდეს.