პოლიტიკა
    2026-09-02 | 14:53

    მიმდინარეობს კოორდინირებული კამპანია, რათა საქართველომ საკუთარ ტერიტორიებზე უარი თქვას - შალვა პაპუაშვილი

    მიმდინარეობს კოორდინირებული კამპანია, რათა საქართველომ საკუთარ ტერიტორიებზე უარი თქვას - შალვა პაპუაშვილი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული „პირდაპირი კამპანია“ მიმდინარეობს.

    როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კამპანია, მისი შეფასებით, სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურის განცხადებებში იკვეთება.

    „ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ პირდაპირ კამპანიას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. მინდა, ამას ხაზი გავუსვა. ჯერ დაიწყო ბარამიძის განცხადებით, რომელმაც ომის დანაშაულები დააბრალა საქართველოს და ქართველ ჯარისკაცებს 90-იან წლებში მიმდინარე დაპირისპირებისას, შემდეგ გვარამიამ, რომელმაც უწოდა ისტორიული ტრავმა, რომლისგანაც საჭიროა გათავისუფლება და პარალელები გაავლო რატომღაც სომხეთთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები აჩვენებს, თუ როგორი ხედვა აქვთ მათი ავტორების ნაწილს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ქვეყნის გამთლიანებასთან დაკავშირებით.

    „ეს გაგრძელებაა იმ ხაზის, რომელიც ზოგადად კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდა, მათ შორის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. სააკაშვილი ამბობს, რომ აფხაზებს ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, რომ შერიგების პოლიტიკას აზრი არ აქვს. ბოკერიას განცხადება, რომ შერიგების პოლიტიკა არის ფუჭი, გვარამიას განცხადება, რომ ეს არის ტრავმა და ეს ტრავმა ბლოკავს ჩვენს განვითარებას, უნდა მოვიცილოთ და წინ გავიხედოთ, მისი გადმოსახედიდან“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის კოორდინირებული კამპანია, რომლის მიზანიც საქართველოს მიერ საკუთარი ტერიტორიების დათმობისა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმისკენ საზოგადოების ეტაპობრივი მიჩვევაა.

    „ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს არის კოორდინირებული კამპანია, რათა საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე, საკუთარი ქვეყნის გამთლიანებაზე. გვაპარებენ ასე წვეთ-წვეთად, ნელ-ნელა და ამას დაამატებენ, რაზეც საუბრობს გვარამია, სომხეთთან პარალელებით, რომ ამის სანაცვლოდ რაღაც პერსპექტივები გაიხსნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    მისივე თქმით, მსგავს მოწოდებებს სხვა ქვეყნებსაც უყენებენ ტერიტორიული კონფლიქტების კონტექსტში.

    „ამავეს ეუბნებიან უკრაინას, რომ კომპრომისზე წავიდეს ტერიტორიებთან დაკავშირებით და ამით გაეხსნება უფრო მეტი პერსპექტივა განვითარებაში. ამავეს ეუბნებიან მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. ახლა, როგორც ჩანს, მოგვადგნენ ჩვენ და აქედანვე უნდა გაეცეს ძალიან მკაცრი პასუხი, რომ არანაირი კომპრომისი ჩვენი ქვეყნის მთლიანობით არ იქნება არანაირ მიზანთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მან.

    პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა ხალხის კეთილდღეობა და ქვეყნის გამთლიანებაა.

    „ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ეროვნული ამოცანაა – ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი, არცერთი მიზანი არ არსებობს, რომელიც ამაზე ზემოთ დგას. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ ვანაცვალებთ არანაირ სხვა მიზანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

     

    მსგავსი სტატიები