პოლიტიკა
    2026-09-09 | 13:09

    შიდა და გარე, მათ შორის, ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან ისინი, ვინც დღეს პატიმრობაში რჩებიან – შალვა პაპუაშვილი

    შიდა და გარე, მათ შორის, ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან ისინი, ვინც დღეს პატიმრობაში რჩებიან – შალვა პაპუაშვილი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წაქეზებით 4 ოქტომბერს მოხდა ძალადობრივი დანაშაულები, თუმცა ბრიუსელის არცერთ წარმომადგენელს დღემდე საჯაროდ არ დაუგმია ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე.

    პაპუაშვილის თქმით, სწორედ ბრიუსელისა და შიდა ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს საპატიმროში რჩებიან.

    „სხვა დროს გვითქვამს, მაგრამ, მგონი, უნდა ვისაუბროთ ამაზე კიდევ უფრო გახსნილად და ხშირად. ევროკავშირის ფონდები გამოიყენებოდა საქართველოში ძალადობრივი აქციებისთვის. ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია; ჩვენ დადასტურებულად ვიცით და ეს აღიარებული აქვს „ისფედის“ ხელმძღვანელს, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა აქციის მონაწილეებისთვის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევი აღჭურვილობები, ფინანსდებოდა და ურიგდებოდა აქციის მონაწილეებს, ეს აღიარებული აქვს „ისფედის“ ხელმძღვანელს. როდესაც ეს ფაქტები არის და ამ პირობებში კიდევ ვხედავთ გაღმა შემოდავებას ევროკავშირის მხრიდან, ამას ყველაფერს ექნება ჩვენი პასუხი;

    მეორე, ეს ადამიანები ბარიკადებზე, მათ შორის, ბრიუსელის წაქეზებით ავიდნენ. გახსოვთ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა, როცა ბრიუსელის ოფიციალურმა პრესსპიკერმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს, წინასწარ გაცხადებულ დამხობის შეკრებას. ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა. ამით ეს იყო ვირტუალური მწვანე შუქი მათთვის, რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას. შეგახსენებთ, დღემდე ბრიუსელის არცერთ წარმომადგენელს, არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე ქვეყნის  წარმომადგენელს საჯაროდ არ დაუგმია 4 ოქტომბრის ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. ამის შედეგად ჩადენილ იქნა ძალადობრივი დანაშაულები, ადამიანები მოხვდნენ ციხეში იმის გამო, რომ წააქეზეს და აიყვანეს ბარიკადებზე, შემდეგ მიატოვეს ისინი ციხეში. სწორედ ამ უსინდისობის პატიმარია დღეს ის დარჩენილი დაახლოებით 70 ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუაზრებია, რომ სჯობს, ენდოს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე უცხო სახელმწიფოს. სწორედ შიდა და გარე, მათ შორის, ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან ისინი, ვინც დღეს პატიმრობაში რჩებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.