მზია ამაღლობელი არის ოპოზიციის და ბრიუსელის უსინდისობის პატიმარი - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დღეს მსოფლიოში აღარავინ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო და საუბარია მხოლოდ სასჯელის პროპორციულობაზე.
„ის, რომ დანაშაული ჩაიდინა, არის ფაქტი. შეხედეთ ყველა განცხადებას, რომელიც ბოლო პერიოდში კეთდება, მათ შორის, ევროკავშირის და სხვა ინსტიტუციების მხრიდან, საუბარი აღარ არის არსად, რომ დანაშაული არ ჩაიდინა, საუბარია, სასჯელი რამდენად პროპორციული და მკაცრი იყო. აღარავინ აღარ ამბობს, რომ უდანაშაულოა. ამას შიგნით ყოველთვის ამბობდნენ, მაგრამ ახლა მოუწიათ გარეთ აღიარება. ეს ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, რომ აღარავინ მათ უდანაშაულობას აღარ ამტკიცებს აღარავისთან, არც საქართველოს ხელისუფლებას უმტკიცებს ვინმე, რომ უდანაშაულოები არიან, არც საჯაროდ აღარავინ ამტკიცებს, რომ უდანაშაულოები არიან. დანაშაული იქნა ჩადენილი. რაც შეეხება სასჯელებს და პატიმრობას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა და სხვებმაც განაცხადეს, რომ ის, ვინც გაიაზრებს საკუთარ დანაშაულს, ვინც ითანამშრომლებს, გამოძიებასთან იქნება თუ სასამართლოში, ვინც გაიაზრებს, რომ ძალადობით საქართველოს წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლება, მის მიმართ იქნება ჰუმანური და ადეკვატური დამოკიდებულება. ეს დადასტურდა. სადაც იყო სურვილი საპროცესო შეთანხმების, სადაც იყო აღიარება, იქ პროკურატურა წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. სადაც იყო მიმართვა პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით და აღიარება დანაშაულის, პრეზიდენტი წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. ციხეში რჩებიან ისინი, ვინც არიან ბრიუსელის და შიდა ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები. დღეს აღარავინ ამბობს, რომ მზია ამაღლობელმა დანაშაული არ ჩაიდინა. რა უდგას იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე ძალადობრივი თავდასხმა არის დანაშაული? ამის თქმა საჯაროდ არ უნდა ზოგიერთებს. მზია ამაღლობელი არის ოპოზიციის და ბრიუსელის უსინდისობის პატიმარი. მზია ამაღლობელს შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა შეფარდებოდა სასამართლოს მხრიდან. ამაზე ნაკლები სასჯელი შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში და ეს არის კანონიც და პრაქტიკაც. საპროცესო შეთანხმება შეთავაზებული იყო მზია ამაღლობელისთვის. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ ერთი რამ – მზია ამაღლობელს ეთქვა ის, რასაც დღეს ამბობს ყველა, მათ შორის, ევროკავშირი და მისი მხარდამჭერები, რომ ეს იყო დანაშაული. მას უნდა ეთქვა, რომ ეს იყო დანაშაული, ეს ქცევა იყო არასწორი, მაგრამ იმით, რომ დაუსხდნენ ელჩები სასამართლო პროცესებზე, მზია ამაღლობელი არის იმ ელჩების უსინდისობის პატიმარი, ვინც იქ სასამართლოში დაუჯდა, თვალში უყურებდა და ამით ანიშნებდა, რომ არ აღიარო დანაშაული, იჯექი, არ აღიაროო. იმ ხალხის ბრალია, ვინც ყოველგვარ მიზეზმოკლებულ პრემიებს და ასე შემდეგ, მათ შორის, ევროპარლამენტი პრემიებს აძლევდა მზია ამაღლობელს და ამით ეუბნებოდა, არ აღიარო, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული, იჯექიო. ჰკითხეთ ნებისმიერ ელჩს, ჰკითხეთ ევროკავშირის ელჩს, არის თუ არა ეს დანაშაული? დააკვირდით განცხადებებს ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატში, როცა საქმე ეხება მზია ამაღლობელს, ნახეთ, განცხადებებში სადმე თუ წერია, რომ ის არის უდანაშაულო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.