სამართალი
    2026-09-14 | 15:08

    ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

    ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

    საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

    შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდარავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ორ წელიწადში დატოვებს.

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო ვასილ მხეიძეც.

    მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გიორგი ხაინდრავა დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში.

    საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ორი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის ქონება, მათ შორის ესპანეთში, მალაგას პროვინციაში არსებული სახლი, დაბა წყნეთში არსებული სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი.

    რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ერთ წელს და ორ თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სამი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

    ვასილ მხეიძეს ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ერთ წელს და ორ თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სამი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღენული საგნები – რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, თუთუნი, სიგარეტი ღერები, დანადგარები.