პოლიტიკა
    2026-09-21 | 16:37

    ეს ყველაფერი თეთრი ძაფით ნაკერ კანონის გვერდის ავლას ჰგავს, კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუ ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი ამაში აღმოჩნდება გახვეული - შალვა პაპუაშვილი

    ეს ყველაფერი თეთრი ძაფით ნაკერ კანონის გვერდის ავლას ჰგავს, კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუ ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი ამაში აღმოჩნდება გახვეული - შალვა პაპუაშვილი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბახმაროში „პოლიტიკური სწავლების სკოლის“ ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ შეხვედრასთან დაკავშირებით შესაძლოა, საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლას ჰქონდეს ადგილი.

    როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გრანტთან დაკავშირებით თანხმობისთვის მათთვის არავის მიუმართავს, ხოლო ევროსაბჭოს მედიის ოფისმა განაცხადა, რომ აღნიშნული დაფინანსება გრანტი არ ყოფილა.

    „მაშინ რა იყო?“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

    მისი თქმით, გრანტების შესახებ კანონის თავდაპირველი ვერსია ყველა უცხოურ ხარჯზე მთავრობის თანხმობას ითვალისწინებდა, თუმცა საბოლოო ვერსიაში პირდაპირი ხარჯებისთვის გამონაკლისი განისაზღვრა.

    პაპუაშვილის განცხადებით, შესაძლოა, აღნიშნული გამონაკლისი ბახმაროს შეხვედრის დასაფინანსებლად გამოიყენეს.

    „ეჭვი მიჩნდება, რომ შესაძლოა, აქ საქმე გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლასთან. შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმია“, - განაცხადა მან.

    პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დასადგენია, ხომ არ მოხდა ისეთი სქემის გამოყენება, რომლის მიხედვითაც ევროსაბჭოს ადგილობრივმა ოფისმა პირდაპირ გადაიხადა სასტუმროს, ავტობუსის, კვების, ექსპერტებისა და მომხსენებლების ხარჯები, რომლებიც თავდაპირველად გრანტის ფარგლებში უნდა დაფინანსებულიყო.

    პაპუაშვილის განცხადებით, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, შესაძლოა, კანონმდებლობის გვერდის ავლასთან ჰქონდეს საქმე.

    „სამწუხაროდ, ჩვენ ნდობა დაკარგული გვაქვს დონორების მიმართ მას შემდეგ, რაც 2023 წელს მოგვატყუეს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ერთი წელი მოგვატყუეს და კანონი ამიტომაც მივიღეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

    მისივე თქმით, მოქმედ კანონმდებლობაში გათვალისწინებულია, რომ მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც თავისი არსით გრანტია, შესაბამის სამართლებრივ რეჟიმს ექვემდებარება.

    „ეს ყველაფერი თეთრი ძაფით ნაკერ კანონის გვერდის ავლას ჰგავს. კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუ ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი ამაში აღმოჩნდება გახვეული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

    მისივე თქმით, საკითხის შესწავლა აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა და გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა, კანონმდებლობის გადახედვის საჭიროებაც დადგეს.

    „დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, ამიტომაც არის აუდიტის სამსახური, რომ ეს ყველაფერი მოიკვლიოს. ვნახოთ, ამ მოკვლევას რა შედეგები ექნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    მსგავსი სტატიები