მივმართავ სუს-ის თანამშრომლებს: ბიძინა ივანიშვილი კლავს თქვენ მეგობრებს, თქვენ თანამშრომლებს, საქართველოს მოქალაქეებს და თქვენი დუმილი ამ ყველაფრის ხელშეწყობაა - ანა წითლიძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თანამშრომლების თვითმკვლელობის რამდენიმე შემთხვევა კითხვებს აჩენს.
როგორც წითლიძემ სუს-თან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2025-2026 წლებში სუს-ის თანამშრომლებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების თვითმკვლელობის შემთხვევები დაფიქსირდა.
წითლიძე სუს-ის თანამშრომლებს მოუწოდებს, უწყებაში განვითარებულ მოვლენებზე დუმილი შეწყვიტონ.
"ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ საქართველოს ნარკოტიკები და ნარკოტიკებს შეწირული ახალგაზრდები, კრიმინალი და ქუჩაში ჩაცხრილული 17-18 წლის ქართველი გოგო-ბიჭები, მკვლელობები და გაურკვეველი თვითმკვლელობები მოუტანა. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ სისტემაში საქართველოს მოქალაქეებს ეშინიათ, არამხოლოდ ქუჩაში გამეფებული კრიმინალის, არამედ იმ სახელმწიფო ინსტიტუციებისაც, რომლებიც წესით საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ. მაშინ როდესაც სუს-ის უფროსები პანტაპუნტად იცვლებიან, ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების სასარგებლოდ, სუს-ის თანამშრომლები თავს იკლავენ - 2026 წელს თავი მოიკლა სუს-ის ანტი კორუფციული სააგენტოს უფროსმა, სიმონ წაქაძემ. 2026 წელს სუს-ის თანამშრომელმა ხაშურში თავი მოიკლა, 2025 წელს ჩაქვში სუს-ის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, კიდევ ერთმა სუს-ის შენობაში, 2026 წელს გაურკვეველ ვითარებაში გლდანის ციხის ყოფილმა უფროსმა დავით გოგიბერიშვილმა მოიკლა თავი. აქ ჩნდება მთავარი კითხვა, რა ხდება აი ამ დახურულ სისტემაში და ამ შენობაში ისეთი, რომ ადამიანები თავს იკლავენ? რა ბინძურ დავალებებს აძლევს მათ ბიძინა ივანიშვილი, რომ ადამიანები ვერ უძლებენ და თვითმკვლელობამდე მიდიან? სუს-ის განცხადება ერთ-ერთ თანამშრომელზე, რომ ის ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ დეპრესიას განიცდიდა და ამიტომ მოიკლა თავი, არის სუს-ის თითოეული თანამშრომლისა და საზოგადოების დაცინვა. მე დღეს მინდა ამ შენობაში სუს-ის თანამშრომლებს მივმართო: თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქეები, თქვენი დუმილი და მონაწილეობა კოდორის სპეცოპერაციების მონაწილეების ლიკვიდაციაში თითოეული თქვენგანის პასუხისმგებლობაა. თქვენი პასუხისმგებლობაა, თქვენი დუმილი თქვენი თანამშრომლების გაურკვეველ მკვლელობებზე, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვენ პროფესიული ღირსება წაგართვათ და საკუთარი პირადი ინტერესების მსახურებად გაქციათ, უნდა იცოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი კლავს თქვენ მეგობრებს, თქვენ თანამშრომლებს, საქართველოს მოქალაქეებს და თქვენი დუმილი ამ ყველაფრის ხელშეწყობაა”, - განაცხადა ანა წითლიძემ.