პოლიტიკა
    2026-09-25 | 12:51

    "ქართული ოცნება" განაგრძობს საქართველოს ძარცვა-გაღატაკებას - ლევან სამუშია

    "ქართული ოცნება" განაგრძობს საქართველოს ძარცვა-გაღატაკებას - ლევან სამუშია

    „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება.

    როგორც სამუშიამ განაცხადა, აგვისტოს ჩათვლით, ჯარიმებისა და საურავების სახით, მოქალაქეებისგან 404 მილიონი ლარია ამოღებული.

    „ეს არის პარკირების ჯარიმები, მაშინ, როდესაც ქალაქში პარკირება მოუწესრიგებელია, ავტობუსითა და მეტროთი მგზავრობისას გამოწერილი ჯარიმები, ავტომანქანების ჯარიმები, მაშინ, როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურა სრულიად მოუწესრიგებელია“, - განაცხადა სამუშიამ.

    მისივე თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს მოსახლეობის ემიგრაციაც.

    „საქართველო იცლება საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან აქ ცხოვრება გაუსაძლისია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო 22 737-მა ბავშვმა დატოვა - მშობლებმა ისინი სკოლებიდან გამოიყვანეს და ემიგრაციაში წაიყვანეს“, - განაცხადა სამუშიამ.

    სამუშია ასევე შეეხო საჯარო მოხელეების ანაზღაურებასა და პენსიის ზრდას და აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ, მაშინ როდესაც პენსიონერების პენსია მხოლოდ 20 ლარით გაიზარდა.

    „ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ოქროს ზოდები და მილიონები ამოაქვთ თავიანთი სახლებიდან ერთმანეთთან დაპირისპირებულ კლანებს. კორუფციაში იხარშება თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნება“, - განაცხადა მან.

    სამუშიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კორუფციული ბრალდებებისა და გამოძიებების ფონზე, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში მშვიდობასა და ეკონომიკურ აღმავლობაზე საუბრობს.

    „ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი აღიარებს, რომ ჯარს ძარცვავდა, პრემიერ-მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბრალდებულნი არიან ქრთამის აღებაზე. “ქართულ ოცნებას” რომ ჰკითხო, მშვიდობა და ეკონომიკური აღმავლობა მოვიტანეთო. რეალურად, ეს არის ის უბედურება, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ქვეყანას მოუტანა,”- განაცხადა ლევან სამუშიამ.

    მსგავსი სტატიები