აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძარზე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, მიუღებელია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელებით მოხსენიება.
„აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამასთან, საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი იმავე პატივისცემის გამოხატვა მნიშვნელოვანი საფუძველია ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ კონტექსტში საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც, უწყების შეფასებით, აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს, გაუგებარია.
უწყების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შესაძლოა, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობისა და კეთილმეზობლური კავშირები დააზიანოს.
„ამასთან დაკავშირებით, სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაყოლა რეკომენდებული არ არის“, - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.