გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე, სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს, ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს - შალვა პაპუაშვილი
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს – ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს – დედა აგინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გარედან წაქეზების შედეგი ჩანს სააკაშვილის გუშინდელ ვიდეოშიც, რომელშიც ის იმავე საზოგადოებას აგინებს და ემუქრება, რომლის გინებაც, მანამდე, პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებად გამოაცხადა.
„ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordz) და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ერთ ხმაში დედის გინების ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს – ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს – დედა აგინა. ღონისძიების მასპინძელი კი გორის არტ-ჰაუსი უნდა ყოფილიყო, რომელიც იმავე ადამიანებს „მონებს“ უწოდებს.
ამას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მართალია, სექტის ნაწილმა ეს აღშფოთება გააკრიტიკა, თუმცა გამოჩნდა სინანულის შემცველი ტექსტებიც: დედის გინება პროტესტისა და თვითგამოხატვის ფორმა არ უნდა იყოსო და დიდად არც მაშინ მოგვწონდა, ეს გინება ჩვენს გვერდით რომ გვესმოდაო.
მართალია, ეს სინანული მაშინ არ გამოუხატავთ, მაგრამ დაგვიანებული სინანულიც საქმეა. დღეს თუ მაინც მივედით აღიარებამდე, რომ დედის გინება მიუღებელია და პოლიტიკურ პროტესტსაც უნდა ჰქონდეს ზღვარი, ამას გაგრძელებაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა.
გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. თუნდაც ეთქვა, რომ ემოციამ სძლია და პოლიტიკური პროტესტისას ადამიანური ზღვარი გადალახა. სექტისთვის უჩვეულო კათარზისის პროცესიც ხომ თითქოს აქეთკენ მიდიოდა.
მაგრამ სწორედ ამ დროს განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დედის გინება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაა (!)
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება შეურაცხყოფის ავტორის გამხნევებად იქცა, კათარზისის დასაწყისში მყოფი სექტა კი ჭეშმარიტების გზას ისევ ააცდინა. ბოდიშისკენ ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად, შეურაცხყოფის ავტორმა პოლიტიკური წახალისება მიიღო.
სინანული, პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, ანუ ყველაფერი, რასაც ქართული კულტურა გვასწავლის, ისევ მცდარ პოზიციაზე ბოლომდე დარჩენამ, დეჰუმანიზაციამ და აგრესიამ ჩაანაცვლა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ქართული კი არა, სწორედ რომ გარედან შემოტანილი, დატრენინგებული და წაქეზებული კამპანიაა.
გარედან წაქეზების შედეგს ვხედავთ სააკაშვილის გუშინდელ ვიდეოშიც, რომელშიც ციხეში მჯდომი დიქტატორი იმავე საზოგადოებას აგინებს და ემუქრება, რომლის გინებაც, მანამდე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებად გამოგვიცხადა. ასე იქცევა დაუგმობელი ძალადობა მისაბაძ პოლიტიკურ სიმბოლოდ.
ჩვენ ეს უკვე ვნახეთ მზია ამაღლობელის და ზვიად რატიანის შემთხვევაში, როდესაც ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმის არდაგმობამ და პოლიტიკურმა გამართლებამ, პოლიციელზე შემდეგი ძალადობის გარემო შექმნა.
ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია, იდავო სასჯელზე, მაგრამ იმავდროულად დაგმო პოლიციელზე ძალადობა. შეგიძლია, დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ იმავდროულად დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან სწორედ ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ.
გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე. სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს. ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს.
P.S. როგორც ამას წინ აღვწერე, სექტას სჭირდება დოგმები, ქურუმები, წმინდანები და მარტვილები, საკუთარი კალენდარი და რიტუალები. ფსევდორელიგიას ჰიმნოგრაფიც სჭირდება, და სექტის წიაღში ეს ადგილი ალექსანდრე კორძაიამ ხალისით დაიკავა.
შესვლა იოლი აღმოჩნდა, გამოსვლა კი გაცილებით რთულია.
ვინ იცის, იქნებ კორძაიას სექტის მთავარი ჰიმნოგრაფის და ხალხის მაგინებლის როლი უკვე აღარც ხიბლავს, მაგრამ სექტას თავისი ჰიმნოგრაფი არ ეთმობა. კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით „ევროპა“ გიმაგრებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.