პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ოთხი პირი, მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 2 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“ და „მარიხუანა“.
პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.