ჩორჩანას საქმე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის პირდაპირი დაზიანებაა - გიგა ფარულავა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 27 სექტემბრის, სოხუმის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გრძელდება.
მისი თქმით, 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია, რომელიც საზოგადოებას რუსული იმპერიალიზმის, ეთნიკური წმენდისა და იძულებით გადაადგილებული ასიათასობით ადამიანის შესახებ ახსენებს.
„ჩვენი უმთავრესი მოქალაქეობრივი ვალია, არასოდეს შევურიგდეთ ოკუპაციას და არ დავთმოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ფარულავამ.
მისივე თქმით, მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი დააჩქარა, ხოლო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად რეგიონის ე.წ. პრეზიდენტად მარატ კამბალოვი აირჩიეს.
„მისი გაცხადებული ამოცანა ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება და ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმების ულტიმატუმია. ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიები მხოლოდ ჩორჩანათი არ შემოიფარგლება“, - განაცხადა ფარულავამ.
მისი შეფასებით, სწორედ ამ პროცესების ფონზე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანას ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესი „სიმბოლური და საგანგაშოა“.
ფარულავას განცხადებით, ხელისუფლება გახარიას 2019 წელს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებისთვის ასამართლებს.
„ჩორჩანას საქმე ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის უმძიმესი მაგალითია. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება მტკიცედ იცავდეს ობიექტს, რომელმაც ქართული მიწა და ადგილობრივი მოსახლეობა შემდგომი ოკუპაციისგან დაიცვა, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ქმნის სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებსაც საოკუპაციო რეჟიმი უკვე აქტიურად იყენებს მოლაპარაკებებზე, მათ შორის IPRM-ის შეხვედრებზე და ქართული საგუშაგოს დემონტაჟსა და ტერიტორიის დათმობას ითხოვს“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისა და საგუშაგოს განთავსების დანაშაულად გამოცხადება სახელმწიფოს სუვერენიტეტს აზიანებს.
ფარულავა ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ მათ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„საღი აზრის მქონე არცერთ ადამიანს არ სჯერა ზღაპრის, თითქოს გიორგი გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო მარტო განათავსა. ხელისუფლება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებზე წარმოდგენა არ ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო დაზვერვას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“, - აღნიშნა ფარულავამ.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესის დახურვა საზოგადოებას ხელს უშლის, მოისმინოს პროკურატურის მოწმეების პოზიციები.
„სასამართლო სხდომის დახურვა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს: საზოგადოებამ არ მოისმინოს ის ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები, რომლებსაც პროკურატურის მოწმეები აჟღერებენ და რითაც პირდაპირ საოკუპაციო რეჟიმის წისქვილზე ასხამენ წყალს“, - განაცხადა დეპუტატმა.
ფარულავას განცხადებით, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა მომავალში დადგება.
„არსებული მართლმსაჯულების პირობებში ობიექტური განაჩენის ილუზია არ გვაქვს, თუმცა ეს პროცესი „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ ტვირთად დარჩება. ეს საქმე სცდება ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის ფარგლებს - ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პირდაპირი დაზიანება“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.