14 წლის თავზე მივიღეთ აბსოლუტური კოშმარი - თაზო დათუნაშვილი
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 14 წლის თავზე საქართველო მძიმე მდგომარეობაშია როგორც რუსეთზე დამოკიდებულების, ისე ეკონომიკური უთანასწორობისა და კორუფციის თვალსაზრისით.
როგორც დათუნაშვილმა განაცხადა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხელისუფლების მშვიდობიანმა ცვლილებამ საზოგადოებაში დემოკრატიული და კონსტიტუციური სახელმწიფოს შექმნის იმედი გააჩინა, თუმცა, მისი შეფასებით, 14 წლის შემდეგ ქვეყანა „აბსოლუტურ კოშმარშია“.
„14 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი — პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება. ამან ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეში, მათ შორის ჩემში, დიდი იმედი დაბადა, რომ ეს ქვეყანა დაემსგავსებოდა მართლა რაღაცას და იქნებოდა ღირსეული, დემოკრატიული, კონსტიტუციური სახელმწიფო.
14 წლის თავზე მივიღეთ აბსოლუტური კოშმარი. არა კოშმარი, რომელიც მარტო იმ 9 წლის უბედურებებით შემოიფარგლებოდა, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს წინ ჰქონდა, არამედ კოშმარი, რომელიც საქართველოს ყველაზე მძიმე წლებს გვახსენებს.
რუსეთზე დამოკიდებულების თვალსაზრისით, ჩვენ ვართ იმ წერტილში, რომელშიც ვიყავით 90-იანი წლების დასაწყისში. რუსეთის მიერ გაღვივებული სამოქალაქო დაპირისპირება არის იმ წერტილში, რომელიც იყო 90-იანი წლების დასაწყისში.
ეკონომიკური უთანასწორობა არათუ 9 წელს ედარება, არამედ ისევ ედარება 90-იან წლებს, როცა არსებობს 30-50 ათასი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში კოლოსალურად გამდიდრებულია და ამ ქვეყნის დანარჩენი მოქალაქე ცხოვრობს ყოველთვიურად იმის ყურებით, რომელ პროდუქტზე რა ფასი გაიზარდა და რა უნდა დაიკლონ შემდეგ თვეს იმისთვის, რომ გადარჩნენ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კორუფციის მასშტაბით და მოპარული ფულის ოდენობით, 1000-ჯერ უფრო დიდი კორუფცია გვაქვს, ვიდრე ყველაზე მძიმე წლებში ამ თვალსაზრისით, იქნებოდა ეს 90-იანი წლების ბოლო თუ 9-წლიანი ელიტური კორუფცია.
დღეს ვართ კატასტროფულ ნიშნულზე, როცა ათობით და ასობით მილიონი დოლარის მოპარვაზე არის საუბარი სახელმწიფო ხაზინიდან“, — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.