პოლიტიკა
    2026-10-02 | 10:39

    კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს

    კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს

    კონრად ადენაუერის ფონდმა (KAS) თბილისში მდებარე უცხოეთის ოფისი 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა. ფონდის განცხადებით, ოფისის დახურვა ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

    „თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც KAS-ს ადგილზე, როგორც პოლიტიკურ ფონდს, თავისი ძირითადი მისიის შესრულება აღარ შეუძლია“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

    ფონდის ინფორმაციით, 2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის საფუძველზე KAS-ის მიერ პროექტების დასაფინანსებლად წარდგენილი განაცხადები არ დააკმაყოფილა.

    განცხადების თანახმად, ახალი რეგულაციების პირობებში ფონდის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მოსაპოვებლად ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, უშედეგოდ დასრულდა.

    KAS-ის განცხადებით, პროექტების დამტკიცება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანდა შესაძლებელი, თუ ისინი ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიას აღარ შეესაბამებოდა.

    „საქართველოში ყოფნა ჩვენი საქმიანობის რეალური მისიის განხორციელების შესაძლებლობის გარეშე კონრად ადენაუერის ფონდისთვის მდგრადი ალტერნატივა არ არის. შესაბამისად, ოფისის გაუქმება საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი საქმიანობის შეზღუდვის გარდაუვალი შედეგია“, – აცხადებს ფონდი.

    კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში 2003 წლიდან საქმიანობს და მისი საქმიანობა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარების და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებებს მოიცავდა.

    ფონდის საქმიანობა ფინანსდებოდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა (AA) და ევროკავშირის მიერ.

    KAS-ის განცხადებით, ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ფონდი ხელს უწყობდა სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ თანამშრომლობას, დემოკრატიული და სამართლებრივი ინსტიტუტების განვითარებას, წარსულის გააზრებას, რელიგიათაშორის დიალოგს, საქართველოში საპარლამენტო საქმიანობის განვითარებას, გერმანია-საქართველოს ურთიერთობებსა და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას.

    ფონდი ასევე ახორციელებდა ახალგაზრდულ პროგრამებსა და სტიპენდიებს, რომლის ფარგლებშიც ქართველ ახალგაზრდებს უჭერდა მხარს.

    კონრად ადენაუერის ფონდის განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოსა და თავის მრავალწლიან პარტნიორებთან კავშირს შეინარჩუნებს და ქვეყანაში იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრაციასაც გააგრძელებს, რათა პოლიტიკური გარემოს შეცვლის შემთხვევაში საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს.