კომენტარი
    2026-10-05 | 13:54

    თენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: რა საგანი გადაყლაპა?.. თუ არ არის საფრთხის შემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს? გაუგებარი რაღაცებია

    თენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: რა საგანი გადაყლაპა?.. თუ არ არის საფრთხის შემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს? გაუგებარი რაღაცებია

    „ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხით სახელმწიფო, მისი შეფასებით, შანტაჟის ობიექტი ვერ გახდება.

    „ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით შანტაჟს გაუწევენ სახელმწიფოს, სახელმწიფო კი გამოაჩენს სისუსტეს, თავში ხელს შემოირტყამს და იტყვის: „კარგით, გადით გარეთ. მართალია, თქვენ რვა ტყვია ესროლეთ პოლიციას, მაგრამ მეორედ აღარ ესროლოთ, რა, აქედან რომ გახვალთ. დანარჩენი წადით და ამას დავივიწყებთ.“ ეს ასე არ მოხდება.

    კადრებმა დაადასტურა, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა იმ პროცედურას, რაც დამკვიდრებულია. მათ ეგონათ, რომ ეს კადრები უკვე აღარ არსებობდა, იმიტომ რომ, როგორც წესი, ასეთი კადრები ადრე ერთი თვე, თვე-ნახევარი ან ორი თვე ინახებოდა. ეტყობა, ახლა წესი შეიცვალა და უფრო ხანგრძლივად ინახება.

    როდესაც ამ ნარატივების დაგროვება დაიწყო ამ ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ, უცებ საჯაროდ გამოქვეყნდა ეს ყველაფერი და ამას ნამდვილად არ ელოდნენ. რა საგანი გადაყლაპა? თუ ეს საგანი ისეთი საფრთხის შემცველია, გადადი იმ საავადმყოფოში, რომელიც შემოგთავაზეს, ხომ? თუ არ არის საფრთხის შემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს? გაუგებარი რაღაცებია. არა, ჩემთვის ძალიან გასაგებია, მაგრამ რაღაც ბავშვური საქციელია. ასეთი შანტაჟებით სახელმწიფო არაფერს დათმობს, წარმოუდგენელია.

    [ოპოზიცია შანტაჟის აგორებას] ცდილობდა და არ გამოუვიდა. რატომ ცდილობდა? არაფერი არ აქვს - დღის წესრიგი არ აქვს. როგორ შეიძლება ახლა 2%-იან, 1%-იან პარტიას, ზოგს რომ პულსიც არ ესინჯება, რამე დღის წესრიგი ჰქონდეს? ამიტომ რა უნდა ქნას? ასეთი პატარ-პატარა სკანდალები უნდა ატეხოს - ან გამოუვათ ამით რამე, ან არ გამოუვათ. ხალხს შეახსენოს თავი, რომ ისევ ცოცხლები არიან და პულსი ესინჯებათ. სინამდვილეში, პოლიტიკაში მათგან პულსი აღარავის ესინჯება. ეს გამოკითხვა ჩვენ ხომ არ ჩაგვიტარებია? ან ისეთ ორგანიზაციას ხომ არ ჩაუტარებია, რომ ეჭვი მიიტანო, თითქოს სიმპათია აქვთ ჩვენ მიმართ? ასე ნამდვილად არ არის. ეს არის მათი ნამდვილი სურათი“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

    შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განაცხადა, რომ ბადრაგმა გააუპატიურა. მისი თქმით, შემთხვევა დეესკალაციის ოთახში მოხდა და მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. დავითაძის მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

    საკითხს სპეციალური პენიტენციური სამსახურიც გამოეხმაურა და დავითაძის განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. უწყების მტკიცებით, მსჯავრდებულის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

    გუშინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

    უწყების განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, დავითაძეს სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

    მსგავსი სტატიები