ეუთოში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც თბილისში, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე სავარაუდო ქიმიურ მოწამვლასა და მის შედეგებს ეხება
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ეუთოში კვლევის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც თბილისში, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე სავარაუდო ქიმიურ მოწამვლასა და მის შედეგებს ეხება.
ეუთოში კვლევის წარმდგენებს შორის არიან ექიმი გიორგი კამკამიძე, ორგანიზაცია “საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ონიანი.
წარდგენილი კვლევის მიგნებები ასეთია:
კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 34%-ს მინიმუმ ერთი სიმპტომი ზემოქმედებიდან 12 თვის შემდეგაც აღენიშნებოდა. მათ შორის, 41% მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემებზე მიუთითებდა, 37% - შფოთვაზე, განწყობის ცვლილებაზე, გაღიზიანებასა და უძილობაზე, 29% - სმენის პრობლემებზე, 23% - თავის ტკივილზე, 12% - სუნთქვის, ხოლო 10% - მხედველობის პრობლემებზე.
გამოკითხულთა 71%-ის განცხადებით, მათზე ორი ან მეტი საშუალება მოქმედებდა, ხოლო 31%-მა ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის ერთობლივი ზემოქმედება აღწერა. კვლევის მიხედვით, წყლის ჭავლის პირდაპირი მოხვედრა ხანგრძლივი სიმპტომების რისკის გაორმაგებასთან იყო დაკავშირებული. სამედიცინო დახმარებას კი რესპონდენტთა მხოლოდ 29%-მა მიმართა.
ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მიღებული მონაცემები მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ადგენს და არც ძალის გამოყენების კონკრეტული შემთხვევების კანონიერებასა თუ პროპორციულობას აფასებს. კვლევას რამდენიმე შეზღუდვაც აქვს, მათ შორის თვითშერჩეული ნიმუში, საკონტროლო ჯგუფის არარსებობა, შეზღუდული კლინიკური დოკუმენტაცია და გამოყენებული ნივთიერებების დამოუკიდებლად იდენტიფიცირების შეუძლებლობა.
ამასთან, კვლევის ავტორები დამატებითი კლინიკური, ტოქსიკოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებენ.
რესპონდენტთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ აქციების დროს ქიმიური ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი ტანსაცმელი ან სხვა ნივთები შეინახა, ხოლო 125 ადამიანს ეს ნივთები გაურეცხავი აქვს დატოვებული.
ავტორების შეფასებით, მათი დამოუკიდებელი ქიმიური ანალიზი შესაძლოა გამოყენებული ნივთიერებების იდენტიფიცირებასა და არსებული მონაცემების ობიექტური მტკიცებულებებით გამყარებას დაეხმაროს.