პოლიტიკა
    2026-10-06 | 16:17

    ვითხოვთ სამართალს, სამართლიანობას, ობიექტურობასა და მიუკერძოებელ გამოძიებას - ლანა გალდავა

    ვითხოვთ სამართალს, სამართლიანობას, ობიექტურობასა და მიუკერძოებელ გამოძიებას - ლანა გალდავა

    საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის სოლიდარობის აქცია გაიმართა, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ განაცხადა, რომ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიების ფარგლებში კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

    „ვითხოვთ სამართალს, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას. როდესაც საუბარია პატიმრის პირად შემოწმებაზე, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით გაწერილია ყველა საფუძველი, დეტალურად როდის და რა ფორმით უნდა განხორციელდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ასეთი შემოწმება მოხდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.

    ამიტომ, პროკურატურისგან მოვითხოვთ, გამოძიების ფარგლებში გაკეთდეს განმარტება - რატომ მოხდა დეესკალაციის ოთახში კონკრეტული პატიმრების ჩაყვანა, შედგა თუ არა ოქმი, როგორ შედგა ის, შემდეგ როგორ მოხდა ამ ყველაფრის გასაჯაროება, არის თუ არა უწყვეტი კადრები და აქვს თუ არა ადგილი მონტაჟს. ჩვენ სწორედ ეს შეკითხვები გვაქვს.

    მით უმეტეს, როდესაც გამოვიდა მინისტრი, უფრო მეტი ბუნდოვანება შემოიტანა საკითხში და პასუხი არ გასცა მნიშვნელოვან შეკითხვებს. პირიქით, მან ისიც თქვა, რომ არ იცოდა საფუძველი, რატომ ჩაიყვანეს კონკრეტული პირი დეესკალაციის ოთახში. ამან ჩვენ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა.

    მოვითხოვთ სამართალს, სამართლიანობას, ობიექტურობის დაცვასა და, რა თქმა უნდა, მიუკერძოებელ და სამართლიან გამოძიებას. ახლა პასუხები უნდა გასცეს იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და პენიტენციურმა სისტემამ“, - განაცხადა გალდავამ.

    სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

    აქციის მონაწილეებმა პენიტენციურ სისტემაში პატიმრის მიმართ სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები გააპროტესტეს.

    მათი მოთხოვნებია რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების უფროსის თანამდებობიდან გადადგომა და მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრების სრულად და უწყვეტად გასაჯაროება.

    ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათ მოთხოვნებს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება.

    მსგავსი სტატიები