კონფლიქტის ზონა
    2026-10-06 | 17:46

    სექტემბერში ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის გავლენის გაძლიერების ნიშნები გამოიკვეთა - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

    სექტემბერში ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის გავლენის გაძლიერების ნიშნები გამოიკვეთა - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სექტემბერში ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის გავლენის გაძლიერების არაერთი ფაქტი გამოიკვეთა.

    როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებულმა კანდიდატმა რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის გაღრმავებაზე გააკეთა აქცენტი, ხოლო აფხაზეთში ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას რუსეთი მთავარ პარტნიორად და მხარდამჭერად იყო წარმოდგენილი.

    ინსტიტუტის ცნობით, 23 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველ კონსტანტინე კოჩიევს შეხვდა.

    შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებისა და ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხები განიხილეს.

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აღნიშნული მოთხოვნა ახალი არ არის და რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების განცხადებებში წინა წლებშიც არაერთხელ გაჟღერებულა. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს 2026 წლის სექტემბრის განცხადებაში ფორმულირების ცვლილებაზე — მიმდინარე მოთხოვნა პირდაპირ ეხება საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის „იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს“.

    ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის გაძლიერების პოლიტიკის გაგრძელებაზე მიუთითებს ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, დაგეგმილი შეხვედრა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან. შეხვედრის ერთ-ერთ საკითხად საერთაშორისო პლატფორმებზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, კოორდინაცია სახელდება.

    ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესები მიმდინარეობს 2026 წლის მაისში რუსეთის მიერ რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების ფონზე.

    ამასთან, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს 28-29 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში რუსული დელეგაციის ვიზიტზეც და აღნიშნავს, რომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ წყაროებში გავრცელდა, ხოლო ქართულ მხარეს შეხვედრებზე საჯაროდ საუბარი მოგვიანებით მოუწია.

    ორგანიზაციის შეფასებით, სექტემბერში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საქართველოსთან მიმართებით რუსეთის დიპლომატიური და „რბილი ძალის“ ინსტრუმენტების გამოყენების პარალელურად, ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვი კონტროლისა და სამართლებრივი ბერკეტების გაძლიერებას აგრძელებს.