ნავთობიმპორტიორი კომპანიები ხელისუფლებასთან კარტელურ გარიგებაში არიან -ვასო ურუშაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვასო ურუშაძის განცხადებით, საქართველოში ნავთობიმპორტიორი კომპანიები ხელისუფლებასთან კარტელურ გარიგებაში იმყოფებიან.
როგორც ურუშაძემ განაცხადა, ამის დასტურია საერთაშორისო ბაზარზე დიზელის ფასის შემცირების ფონზე საქართველოში ნავთობიმპორტიორი კომპანიების მიერ ფასების უცვლელად შენარჩუნება.
„15 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საერთაშორისო ბაზარზე დიზელის ფასი 12%-ით შემცირდა, თუმცა საქართველოში ვნახეთ, რომ იმპორტიორი კომპანიებიდან არც ერთს ფასი არ შეუმცირებია. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის არსებობს კარტელური გარიგება. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასი მცირდება, ისინი ამაზე არ რეაგირებენ, ხოლო როდესაც ფასი ძვირდება, ისინი მყისიერად აძვირებენ.
ეს არის საქართველოს მოქალაქეების ძარცვა. საქართველოში ფასების ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილ ფასებზე. ეს არის ნავთობპროდუქტების ბაზარზე კარტელური გარიგებისა და კორუფციული შეთანხმების შედეგი“, - განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტო აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა შესაბამის რეაგირებას არ ახდენს.
„კონკურენციის სააგენტო ამის შესახებ ინფორმირებულია. შეგიძლიათ მათ ხელმძღვანელობას ჰკითხოთ. ისინი ამას უწოდებენ პრაქტიკას, მაგრამ სინამდვილეში ეს არის არა პრაქტიკა, არამედ კარტელური შეთანხმება და ხელისუფლებასთან კორუფციული გარიგება.
კონკურენციის სააგენტო ამის შესახებ ინფორმირებულია და არ რეაგირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მხრიდან არის გულგრილობა და კორუფციული დაინტერესება“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.
ურუშაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირების კონკრეტული გეგმა აქვს, მათ შორის აქციზის განახევრება, დღგ-ის განაკვეთის შემცირება და კარტელური შეთანხმებების დაშლა.
„კონკურენციის სააგენტომ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება. როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასი მცირდება, ადგილზე უნდა იყოს მყისიერი რეაგირება და ავტოგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტების ფასების შემცირება. ასევე საჭიროა კონკრეტული რეაგირება იმ პროცესებზე, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, ნავთობპროდუქტების ბაზარზე მიმდინარეობს“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.