პოლიტიკა
    2026-10-20 | 14:57

    საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რა მოუვა რომელიმე პარტიას, არამედ რისთვის აკეთებს ამას ივანიშვილის რეჟიმი, რატომ ზღუდვას მოქალაქეების არჩევანს, რატომ ავლენს უნდობლობას ყველას მიმართ - გიგა ბოკერია

    საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რა მოუვა რომელიმე პარტიას, არამედ რისთვის აკეთებს ამას ივანიშვილის რეჟიმი, რატომ ზღუდვას მოქალაქეების არჩევანს, რატომ ავლენს უნდობლობას ყველას მიმართ - გიგა ბოკერია

    „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები მხოლოდ პოლიტიკური პარტიების საკითხი არ არის და მოქალაქეებისთვის პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვას უკავშირდება.

    ამის შესახებ ბოკერიამ დიდი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    „არაფერია მოულოდნელი, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ხდება ჩვენი ქვეყანაში, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აცხადებს, რომ მოქმედებს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და კრძალავს პოლიტიკურ არჩევანს მოქალაქეებისთვის.

    საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რა მოუვა რომელიმე პარტიას, არამედ რისთვის აკეთებს ამას ივანიშვილის რეჟიმი, რატომ ზღუდვას მოქალაქეების არჩევანს, რატომ ავლენს უნდობლობას ყველას მიმართ.

    რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომ, რაც ახლა საქართველოში ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების საკითხი, ეს არის არჩევანის, უპრეცედენტო უნდობლობის საკითხი იმ რეჟიმის, იმ კაცის და მისი პოლიტიკური არარაობების მხრიდან, რომლებიც ყოველდღე საქართველოს მომავლის ხარჯზე მდიდრდებიან და ინარჩუნებენ ძალაუფლებას.

    თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას ყოველთვის ვხედავ, როცა ქართული საზოგადოება გადადგამს მყარ ნაბიჯებს საკუთარი ინტერესების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის დასაცავად და ეს არის საქართველოს ამოცანა დღეს. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყველა ჯერზე, მაშინაც, როცა გვინდა მეტი თავისუფალი სამყაროსგან. ჩვენს ეროვნულ ინტერესშია, გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც არ არის ინფილტრირებული მტრების ინფრასტრუქტურით, როგორებიც არიან რუსეთი და აიათოლების ირანი, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს. ჩვენს ინტერესშია სახელმწიფო, სადაც მოქალაქეებს, და არა ერთ ადამიანს აქვს ძალა, იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, არა მარტო საკუთარი გუნდის წევრებს, არამედ მთელ ქვეყანას ექცეოდეს, როგორც ცუდი პატრონი საკუთარ შინაურ ცხოველებს. ჩვენს ინტერესშია, გვქონდეს რესპუბლიკა, სადაც მოქალაქეებს აქვთ საშუალება, საკუთარი შრომით მოიპოვონ უსაფრთხოება და ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ. ეს არის ჩვენი ამოცანა და თავისუფალი სამყარო არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო.

    ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბადრი ჯაფარიძე („ლელო – ძლიერი საქართველო“), ირაკლი ფავლენიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), გიგა ბოკერია („ფედერალისტები“) და ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებისთვის“).

    მსგავსი სტატიები