ქართული სასმელების იმპორტის შეზღუდვას პოლიტიკური საფუძველი არ აქვს - მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთში ზოგიერთი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული სასმელების იმპორტის შეზღუდვას პოლიტიკური საფუძველი არ აქვს.
როგორც ზახაროვამ განაცხადა, აღნიშნული საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის და ის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის — „როსპოტრებნადზორის“ — საქმიანობას უკავშირდება.
„ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკითხი არ არის. ეს „როსპოტრებნადზორის“ საკითხია. ამ უწყების ამოცანაა, შეაფასოს, შეესაბამება თუ არა პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში მოქმედ უსაფრთხოების მოთხოვნებს და აღკვეთოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ წარმოებული საქონლის იმპორტი. საუბარია შესაბამისი უწყების ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობაზე, რომლის მიზანიც უხარისხო პროდუქციის გამოვლენაა“, — განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, დაწესებული შეზღუდვები კონკრეტულ კომპანიებს ეხება და აღნიშნული გადაწყვეტილების პოლიტიკურ ფაქტორად წარმოჩენა უსაფუძვლოა.
„ვხედავთ, როგორ ცდილობენ, სრულიად ჩვეულებრივი პროცედურა პოლიტიკურ ფაქტორად აქციონ და ამ თემით სპეკულირება მოახდინონ. აქ არაფრის ძებნა არ არის საჭირო. არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ვარაუდებია“, — აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
ზახაროვას განცხადებით, რუსეთის ბაზარზე ქართული კომპანიების პროდუქციის შეტანა კვლავ გრძელდება და დარღვევები მხოლოდ რამდენიმე საწარმოში გამოვლინდა.
„რუსეთში მიწოდებას ათობით შესაბამისი ქართული კომპანია ახორციელებს. დარღვევები მხოლოდ რამდენიმე საწარმოში გამოვლინდა. ყველა დანარჩენი ჩვენს ბაზარზე კვლავ ყოველგვარი პრობლემის გარეშე მუშაობს, ეს ბაზარი კი საქართველოსთვის პრიორიტეტულია“, — განაცხადა მან.
ცნობისთვის: რუსეთმა საქართველოში წარმოებული რიგი სასმელების იმპორტისა და გაყიდვის შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა. „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, 9 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით დროებითი სანიტარიული ღონისძიება ამოქმედდა.
შეზღუდვები შეეხო კომპანიების — „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „ძმები ასკანელების“, „ვაინმენის“, „ქართული ლუდის კომპანიის“ — პროდუქციას, საქართველოში წარმოებულ „კოკა-კოლასა“ და კომპანია „ჰელსი უოთერის“ მინერალურ წყალს „ნაბეღლავი“.
რუსული მხარის განმარტებით, შეზღუდვების მიზეზად პროდუქციის ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების, ასევე უსაფრთხოების მაჩვენებლების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა დასახელდა.