პოლიტიკა
    2026-10-22 | 14:23

    ეუთო დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს - ირაკლი ჭეიშვილი

    ეუთო დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს - ირაკლი ჭეიშვილი

    „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ეუთო ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, როდესაც საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე ხელისუფლებას სარჩელის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს, გერმანიის მიმართ კი, მისი შეფასებით, მსგავსი პოზიცია არ აქვს.

    ჭეიშვილის თქმით, ეუთო-ს მოწოდება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის ფონზე დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლაა.

    „ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი, რასაც დღეს ეუთო აკეთებს გერმანიასთან მიმართებით, მაშინ, როდესაც გერმანიის ხელისუფლება ცდილობს, აკრძალოს ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვას, ეუთო მსგავს განცხადებას რატომღაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ არ აკეთებს“, — განაცხადა ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

    მისი შეფასებით, გაუგებარია, რატომ მიიჩნევა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხი მიუღებლად საქართველოში, თუ მსგავსი საკითხი გერმანიაშიც განიხილება.

    „ჩვენ ვართმევთ ამომრჩეველს წარმომადგენლობას? მათივე ევროკავშირის დემოკრატიის შუქურად წოდებული გერმანია ცდილობს, აკრძალოს ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია გერმანიის რესპუბლიკაში. ამ შემთხვევაში არ ართმევს ამომრჩეველს? ამ შემთხვევაში ევროკავშირის პოზიციები სად არის? ეს არის ზუსტად არასწორი. რაც მათთვის არის მისაღები, რატომ არის ჩვენთვის მიუღებელი?“ — აღნიშნა დეპუტატმა.

    ჭეიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი აქვს მტკიცებულებები, რომლებიც, მისივე განმარტებით, ოპოზიციური პარტიების მიერ 2012 წლამდე და შემდგომ პერიოდში ჩადენილ ქმედებებს ეხება.

    მისი თქმით, სარჩელს თან ერთვის შესაბამისი თარიღების მიხედვით მომზადებული მასალები და საგამოძიებო კომისიის დასკვნა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს.

    ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა და ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

    კუგლერის განცხადებით, პოლიტიკური კონკურენცია არჩევნებითა და დემოკრატიული დებატებით უნდა წყდებოდეს და არა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებით. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა განსაკუთრებული ზომაა და საქართველომ, როგორც ეუთო-სა და ევროპის საბჭოს წევრმა, ნაკისრი დემოკრატიული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

    მსგავსი სტატიები