ოპოზიციური პარტიები კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების განცხადებები, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ არის განსაზღვრული, ადასტურებს „ქართული ოცნების“ სარჩელის საფუძვლიანობას.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური პარტიები კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც, მისი შეფასებით, დემოკრატიის არაღიარების ნიშანია.
„თავად პოზიცია, რომელიც მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მსვლელობის დროს ანტიკონსტიტუციურმა პარტიებმა გაახმოვანეს, ადასტურებს ჩვენს სარჩელს. ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსკოვშია დაწერილი, ამბობენ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მას უკვე წინასწარ განსაზღვრულად უთხრეს, რა გადაწყვეტილება მიიღონ და ა.შ. ადასტურებენ მათ მიმართ ჩვენს ერთ-ერთ ბრალდებას, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები და სასამართლოში დაყენებული შუამდგომლობები კიდევ უფრო მეტად ადასტურებს მმართველი გუნდის სარჩელის საფუძვლიანობას.
პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, წინასწარ მოამზადონ საფუძველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის იმ შემთხვევისთვის, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ არაკონსტიტუციურად ცნობს.
„ვხედავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, აშკარად ცდილობენ, უკვე წინმსწრებით ყალბი საფუძვლები მოამზადონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. მგონი, საზოგადოებაც კარგად დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო შუამდგომლობებს აყენებდნენ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი განმარტებით, ოპოზიციური პარტიების მიერ დაყენებული შუამდგომლობების ნაწილი სასამართლოს სრული შემადგენლობისა და ცალკეული მოსამართლეების აცილებას შეეხებოდა. პაპუაშვილის თქმით, ამ შუამდგომლობების მთავარი საფუძველი კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება იყო.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.