პარტიების აკრძალვა ქართულ პოლიტიკურ პროცესს ტოქსიკური გარემოსგან გაწმენდს - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვის საკითხი ქვეყნის შიდა საქმეა და საგარეო პოლიტიკურ აქტორებს საქართველოს პარტიულ ლანდშაფტში ჩარევის უფლება არ აქვთ.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, პარტიების აკრძალვა ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას და სხვა პარტიებს კონკურენტულ გარემოში ამომრჩეველთან ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემს.
„პარტიების აკრძალვის შედეგი იქნება ის, რომ დღევანდელი ვითარება, რაც არის, რომ ეს პარტიები წამლავენ პოლიტიკურ, პარტიულ პროცესს საქართველოში, ეს ტოქსიკური, მოწამლული პოლიტიკური პროცესი გაიწმინდება ამ ტოქსიკური გარემოსგან და სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში ესაუბრონ თავიანთ ამომრჩეველს, საქართველოს საზოგადოებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ არაკონსტიტუციურად მიჩნეული პარტიები სხვა პოლიტიკურ ძალებთან არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში იმყოფებიან, რადგან, პაპუაშვილის შეფასებით, ისინი ძალადობის მეთოდებს იყენებენ, კონსტიტუციას არღვევენ და საქართველოს წინააღმდეგ უცხო ქვეყნების ხელისუფლებებს მიმართავენ.
„ეს იგივეა, რაც კერძო ურთიერთობებში, ბიზნესში არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში იყოს რომელიმე კომპანია, არ იხდიდეს გადასახადებს, ფულის გათეთრებით იყოს დაკავებული, დემპინგით მუშაობდეს და ა.შ. ზუსტად ასე იქცევიან ეს პარტიებიც“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური პარტიების საკითხზე უცხოელი აქტორების კრიტიკა მიუღებელია, რადგან, მისი თქმით, სხვა ქვეყნებშიც არსებობს პოლიტიკური პარტიების მიმართ შეზღუდვები და ზედამხედველობის პრაქტიკა.
მან მაგალითად გერმანია მოიყვანა და განაცხადა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც მისი თქმით, ქვეყანაში ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობს, გერმანიის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. პაპუაშვილის მტკიცებით, პარტიის მიმართ ხორციელდება მოსმენა და მის საქმიანობაში აგენტები არიან შეგზავნილი.
„ჩვენ არ გვეხებოდა უკრაინაში, მოლდოვაში რომელი პარტიები გამოცხადდა ანტიკონსტიტუციურად, არ გვეხება ის, რომ გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ აპირებენ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას. ასე რომ, როცა ასეთი ვითარებებია სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მათგან ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რათა საბოლოოდ გაირკვეს, რომელი მხარე მოქმედებს ანტიკონსტიტუციურად.
პაპუაშვილის განმარტებით, ბოლო 14 წლის განმავლობაში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებდა და „ქართულ ოცნებას“ ანტიკონსტიტუციურს უწოდებდა. მისი თქმით, ოპოზიციას ამ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შეეძლო, თუმცა ეს არ გაუკეთებია.
„ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენი მტკიცება არის, რომ სწორედ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიკონსტიტუციური და, შესაბამისად, სასამართლო დაადგენს ამას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სარჩელის წარსადგენად 30 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, ხოლო ხელისუფლებას საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მყარი საფუძველი აქვს. პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების არგუმენტებს გაითვალისწინებს.