პოლიტიკა
    2026-10-27 | 13:14

    მჯერა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს - ირაკლი კირცხალია

    მჯერა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს - ირაკლი კირცხალია

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა.

    კირცხალიას თქმით, ოპოზიციური პარტიების საქმიანობა უკავშირდება ძალადობას, არჩევნების შედეგების არაღიარებას, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობებსა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას.

    „ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა!“, — განაცხადა კირცხალიამ.

    მისი მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ძალაუფლების მიტაცებას, ელიტურ კორუფციასა და ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების რუსეთის მოქალაქეებისთვის გადაცემას. კირცხალიამ ოპოზიცია საქართველოს ტერიტორიების დაკარგვასა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაადანაშაულა.

    უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ სცემენ პატივს და ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

    „უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ამ დროის მანძილზე გქონდათ რევოლუციის და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მინიმუმ 6 მცდელობა! არ აღიარებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ფეხქვეშ თელავთ კონსტიტუციურ წესრიგსა და პრინციპებს“, — განაცხადა კირცხალიამ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ მისივე შეფასებით, ოპოზიციური პარტიები ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად მოქმედებენ და უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურებიან. კირცხალიას თქმით, ოპოზიცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხებასაც ცდილობს.

    „გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია, მაგრამ აქ შევჩერდები. მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!“, — განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

    მსგავსი სტატიები