პოლიტიკა
    2026-10-27 | 13:37

    მეხუთე დღეა, ვერ ასაბუთებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კონსტიტუციის რომელ მუხლს არღვევს — ეს სარჩელი აბსურდული და მოღალატეობრივია - გიორგი შარაშიძე

    მეხუთე დღეა, ვერ ასაბუთებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კონსტიტუციის რომელ მუხლს არღვევს — ეს სარჩელი აბსურდული და მოღალატეობრივია - გიორგი შარაშიძე

    პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მისამართით განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ვერ ასაბუთებს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კონსტიტუციის რომელ მუხლს არღვევს და რა დანაშაულში მიუძღვის ბრალი.

    შარაშიძის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში მისი პარტიის წინააღმდეგ კონკრეტული და დასაბუთებული არგუმენტები ვერ წარმოადგინეს.

    „მე არ მაინტერესებს, „ნაცებს“ რას ედავებით, მე მაინტერესებს, ჩვენ რას გვედავებით, რადგან ჩვენი პოლიტიკური პარტია ბოლოს დაამატეთ სრულიად ხელოვნურად ამ აბსურდულ სარჩელს. ამიტომ დღეს, როცა თქვენი გამოსვლა „ნაცების“ წინააღმდეგ „ნაცების“ დანაშაულების ჩამოთვლას დაუთმეთ, კეთილი ინებეთ და ჩვენს დანაშაულებზე გვესაუბრეთ, თუ ასეთი არსებობს საერთოდ. ჩვენს, კონკრეტულად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დანაშაული აგვიხსენით, კონკრეტულად, კონსტიტუციის რომელი მუხლი დავარღვიეთ“, — განაცხადა შარაშიძემ.

    მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლა ადასტურებს, რომ მათ პარტიის წინააღმდეგ დასაბუთებული არგუმენტები არ აქვთ.

    შარაშიძემ მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყნის ერთპარტიული მმართველობისა და დიქტატურისკენ წაყვანაში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებას არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა შეუზღუდოს.

    „თქვენი ერთადერთი მოტივაცია ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამ ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილები მზად ხართ, ქვეყანა ჩაფლოთ ერთპარტიულ დიქტატორულ ჭაობში და დააბრუნოთ ბნელ, საბჭოთა წყობილებაში. ეს არის თქვენი მთავარი მიზანი და ერთადერთი მიზანი გამოძრავებთ — რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ძალაუფლება“, — განაცხადა შარაშიძემ.

    მან ასევე გააკრიტიკა სარჩელის ხელმომწერი დეპუტატები და აღნიშნა, რომ მათ, მისი შეფასებით, სათანადოდ არ გააცნობიერეს დოკუმენტზე ხელმოწერისას საკუთარი პასუხისმგებლობა და ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ქვეყნისთვის შეიძლება შეექმნას.

    შარაშიძემ უარყო პარტიის კავშირი 4 ოქტომბრის მოვლენებთან და განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი ამ მოვლენებს გაემიჯნა, მათ უპასუხისმგებლო ავანტიურა და პროვოკაცია უწოდა და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.

    „ჩვენ არათუ გავემიჯნეთ 4 ოქტომბერს, როგორც სრულიად უპასუხისმგებლო ავანტიურას და პროვოკაციას, არამედ კარდაკარ ხალხს მოვუწოდებდით, არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, რადგან ჩვენთვის არჩევნების იდეის გადარჩენა იყო მთავარი და მთავარი იყო, თქვენს მიერ დაგებულ ხაფანგში, რაც 4 ოქტომბრის ავანტიურა იყო, ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა არ გახვეულიყო“, — განაცხადა შარაშიძემ.

    მისი შეფასებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი დაუსაბუთებელია და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

    „ეს არის სიმართლე, ამიტომ დარჩება ეს სარჩელი აბსურდულ და მოღალატეობრივ სარჩელად“, — განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

    მსგავსი სტატიები