საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოვუწოდებ, გაემიჯნონ საკუთარ წარსულს და ერთხელ მაინც მიიღოთ გადაწყვეტილება სინდისიერად, საქართველოს, ხალხის, კონსტიტუციის დაცვით - სოფიო ხორგუანი
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე ისაუბრა. მან მმართველი გუნდი სასამართლო სისტემის წარსულთან დაკავშირებული მოსამართლეების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მოსამართლეებს მოუწოდა, გადაწყვეტილებები სინდისისა და კონსტიტუციის შესაბამისად მიიღონ.
ხორგუანის განცხადებით, სარჩელის განხილვის პროცესში ჩართული მოსამართლეების წარსული კითხვებს აჩენს, რადგან, მისი შეფასებით, ზოგიერთი მათგანი წინა ხელისუფლების დროს პროკურორად ან მოსამართლედ მუშაობდა და იმ სისტემის ნაწილი იყო, რომელსაც თავად „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი აკრიტიკებს.
„ვისი ხელით აპირებთ საქართველოში ხალხის მმართველობის დასრულებას და ვინ განიხილავს იმ ანტიკონსტიტუციურ სარჩელს, ვინ მართავს შოუს საკონსტიტუციო სასამართლოში?“ — მიმართა ხორგუანმა საპარლამენტო უმრავლესობას.
მისი თქმით, როდესაც მმართველი გუნდი „რეჟიმის დასჯაზე“ საუბრობს, მხედველობაში უნდა მიიღოს არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერები, არამედ ის სისტემაც, რომელიც, ხორგუანის შეფასებით, დანაშაულს ხელს აფარებდა, საქმეებს აყალბებდა და უკანონო განაჩენებს იღებდა.
დეპუტატმა მოსამართლეების რევაზ ნადარაიასა და სერგო მეთოფიშვილის კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი წინა ხელისუფლების დროსაც იკავებდნენ თანამდებობებს, ხოლო 2012 წლის შემდეგ მათი კარიერული წინსვლა გაგრძელდა.
ხორგუანმა ასევე გაიხსენა სერჟანტ როინ შავაძის საქმე და განაცხადა, რომ შავაძე დააკავეს, აწამეს და მოკლეს, ხოლო მისი ცხედარი ქობულეთის გზაზე დატოვეს. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებული გარემოებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავენ მოსამართლეები, რომელთა წარსულ საქმიანობასაც იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„თქვენ ამბობთ, რომ შავაძის საქმე არის მტკიცებულება, მაგრამ რეალურად ამ საქმეს ის ხალხი იხილავს, ვინც პირდაპირ იყო შემოქმედი“, — განაცხადა ხორგუანმა.
მან პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, მიმართა კითხვით, გაემიჯნება თუ არა ვასილ როინიშვილს, რომელსაც, ხორგუანის შეფასებით, როინ შავაძის წამების საქმეზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია, ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც შავაძე მოღალატე იყო.
„ის რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ამ პროკურატურის ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეს აკეთებთ, იმავეზე დგახართ. გაემიჯნეთ! მაშინ მეც მაქვს უფლება დაგიძახოთ, რომ თქვენ ხართ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, — განაცხადა ხორგუანმა.
გამოსვლის დასასრულს დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდა, წარსულს გაემიჯნონ და პარტიების აკრძალვის საკითხზე გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციისა და ხალხის ინტერესების დაცვით მიიღონ.
„თქვენ გაქვთ შანსი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში საწინააღმდეგო ვნახეთ, რომ თქვენს წარსულს გაემიჯნოთ და ერთხელ მაინც მიიღოთ გადაწყვეტილება სინდისიერად, საქართველოს, ხალხის, კონსტიტუციის დაცვით“, — განაცხადა ხორგუანმა.
მისივე თქმით, საბოლოოდ საქართველოს ხალხი გაიმარჯვებს და სამართლიან სახელმწიფოს მიიღებს, თუმცა მოსამართლეების როლი ისტორიაში მათი დღევანდელი გადაწყვეტილებებით შეფასდება.