პოლიტიკა
    2026-10-28 | 12:34

    ძალიან ჯანსაღია, თუკი გვექნება პოლიტიკა, რომ ის, ვინც ზოგავს და ეკონომიურად მოიხმარს, ნაკლებს გადაიხდის - ეს საზოგადოებაში ენერგიის დაზოგვის მიმართულებით ახალ კულტურას დანერგავს – შოთა ბერეკაშვილი

    ძალიან ჯანსაღია, თუკი გვექნება პოლიტიკა, რომ ის, ვინც ზოგავს და ეკონომიურად მოიხმარს, ნაკლებს გადაიხდის - ეს საზოგადოებაში ენერგიის დაზოგვის მიმართულებით ახალ კულტურას დანერგავს – შოთა ბერეკაშვილი

    პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, შესაძლოა, წყალსა და ბუნებრივ გაზზე ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დიფერენცირებული გახდეს. მისი განმარტებით, ვინც რესურსებს ეკონომიურად მოიხმარს, ნაკლებს გადაიხდის, ხოლო მაღალი მოხმარების შემთხვევაში ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს.

    როგორც ბერეკაშვილმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ენერგორესურსების დაზოგვის წახალისებაა.

    „სემეკის მიმართ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ წყალსა და გაზზე ტარიფის განსაზღვრის დროს დიფერენცირებული მიდგომა ჰქონდეს. დიფერენცირებული მიდგომა იმას ნიშნავს, რომ ჰქონდეს სატარიფო პოლიტიკა და ტარიფი იმ მოცულობის მიხედვით დაადგინოს, ვინ რამდენ ბუნებრივ გაზს ან წყალს მოიხმარს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

    მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფებისთვის სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამები მოქმედებს და ისინი ძალაში დარჩება.

    ბერეკაშვილის განმარტებით, აქამდე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალსა და გაზზე ერთიანი სატარიფო მიდგომა მოქმედებდა, ახალი მიდგომა კი ელექტროენერგიის ტარიფების განსაზღვრის პრინციპის მსგავსი იქნება.

    „ყველაფერი სემეკის გადასაწყვეტია – ტარიფს სემეკი განსაზღვრავს. ჩვენ საკანონმდებლო ჩარჩოს ვქმნით და ამ საკანონმდებლო ჩარჩოში სემეკს ვაძლევთ უფლებამოსილებას, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის, დიფერენცირებული მიდგომა ჰქონდეს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

    მისი თქმით, დიფერენცირებული ტარიფების შემოღება რესურსების დაზოგვის კულტურის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

    „ძალიან ჯანსაღია, თუკი გვექნება პოლიტიკა, რომ ის, ვინც ზოგავს და ეკონომიურად მოიხმარს, ნაკლებს გადაიხდის. ეს საზოგადოებაში ენერგიის დაზოგვის მიმართულებით ახალ კულტურას დანერგავს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

    ცნობისთვის: პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) უფლებამოსილი იქნება, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყლისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები მოხმარებული მოცულობის მიხედვით განასხვაოს.

    კანონპროექტის თანახმად, სემეკს აღნიშნული უფლებამოსილება წყალმომარაგების შემთხვევაში 2036 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ექნება.

    ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღება დღეს იგეგმება.

    მსგავსი სტატიები