პოლიტიკა
    2026-10-28 | 13:00

    გაზსა და წყალზე დიფერენცირებული ტარიფების დაწესება მოსახლეობას ცხოვრებას კიდევ უფრო გაუძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა - ლაშა ფარულავა

    გაზსა და წყალზე დიფერენცირებული ტარიფების დაწესება მოსახლეობას ცხოვრებას კიდევ უფრო გაუძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა - ლაშა ფარულავა

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა გაზსა და წყალზე დიფერენცირებული ტარიფების დაწესების ინიციატივას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ცვლილებებმა შესაძლოა, მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადები და პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასები გაზარდოს.

    ფარულავას შეფასებით, კანონპროექტის ინიციატორები წლის დასაწყისში მაღალი ფასების წინააღმდეგ შექმნილი კომისიების მუშაობაში მონაწილეობდნენ, ახლა კი თავად სთავაზობენ საზოგადოებას ცვლილებებს, რომლებმაც შესაძლოა, ცხოვრების ხარჯები კიდევ უფრო გაზარდოს.

    „კანონპროექტის ინიციატორები „ქოცბიზნესმენები“ — შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი და ანტონ ობოლაშვილი არიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლის დასაწყისში მაღალი ფასების წინააღმდეგ კომისიებს ქმნიდნენ, ახლა კი თავად გვთავაზობენ ცვლილებებს, რომლებმაც ხალხს ცხოვრება შეიძლება კიდევ უფრო გაუძვიროს“, — განაცხადა ფარულავამ.

    მისი თქმით, კანონპროექტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკს) შესაძლებლობას აძლევს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით განასხვაოს.

    ფარულავა მიიჩნევს, რომ ინიციატივის ამოქმედებამ, განსაკუთრებით ზამთრის წინ, შესაძლოა, ოჯახებს დამატებითი ფინანსური ტვირთი დააკისროს. მისი შეფასებით, კომუნალური გადასახადების ზრდამ შეიძლება ბიზნესის ხარჯებიც გაზარდოს, რაც პურპროდუქტებისა და სხვა პირველადი მოხმარების საქონლის გაძვირების რისკს შექმნის.

    „ამ დროს, საკუთარ ანაზღაურებას ათასობით ლარით იზრდიან, პენსიონერს კი მხოლოდ 45 ლარს უმატებენ — თანხას, რომელიც შესაძლოა, გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებსა და პროდუქტებში ისევ უკან წაიღონ! ეს სოციალური ტერორის გზაა!“ — განაცხადა ფარულავამ.

    მისივე თქმით, პარტია სატარიფო ცვლილებების შეჩერებას, კორუფციული ინტერესებისა და კარტელების დაშლას, ზედმეტი შუამავლების მოცილებასა და გადასახადების შემცირებას მოითხოვს.

    „ხალხს გაძვირებული ცხოვრება კი არა, შეღავათი და სამართლიანი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება!“ — აღნიშნა ფარულავამ.

    ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სემეკი უფლებამოსილი იქნება, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მოხმარების მოცულობის მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს. აღნიშნული უფლებამოსილება წყალმომარაგების შემთხვევაში 2036 წლის 1-ელ იანვრამდე, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში კი 2038 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

    მსგავსი სტატიები