საზოგადოება
    2026-10-29 | 11:19

    სახალხო დამცველი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

    სახალხო დამცველი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

    საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი მოადგილეები, ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

    მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, მათ შორის, ევროკომისიის ყოფილი წევრები ვიტენის ანდრიუკაიტისი და ანდრის პიებალგსი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური მრჩეველი მიშელ კაზაჩკინი, პრაღის ყოფილი მერი პაველ ბემი, ყირგიზეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ნატალია ნიკიტენკო და უკრაინელი პროფესორი ვოლოდიმირ ტიმოშენკო.

    „შეხვედრაზე საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვის გამოწვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვას, ჯანმრთელობის დაცვისა და შესაბამის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ნარკოდამოკიდებულების მქონე პირთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის საკითხებს. შეხვედრის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.

    შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათ გავლენაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათ შორის, ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობაზე.

    მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი იყო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შეეხებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და დამოკიდებულების მქონე პირთა შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას. კომისიის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველის შეფასებებისა და განხორციელებული რეაგირების თაობაზე.

    აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისია 2020 წლიდან საქმიანობს და ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დისკუსიას ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური ინტეგრაციის მიმართ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.