სამართალი
    2026-10-29 | 14:43

    ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი ჭორზეა აგებული, საქმეში კაკულიების ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს - შოთა კაკულია

    ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი ჭორზეა აგებული, საქმეში კაკულიების ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს - შოთა კაკულია

    ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული დავით და გურამ კაკულიების ადვოკატის, შოთა კაკულიას განცხადებით, საქმეში ძმების სავარაუდო მოტივი მხოლოდ ანონიმური წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეფუძნება და მათი ბრალეულობის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს.

    როგორც შოთა კაკულიამ განაცხადა, ბრალდების მხარე ძმების მოტივად 2001 წელს მოსკოვში მათი მამის, დავით კაკულიას მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებს, თუმცა საქმეში ამ მკვლელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რუსეთის ფედერაციის საქმის მასალები, განაჩენი ან ინფორმაციის დამადასტურებელი მოწმე არ მოიპოვება.

    „საქმეში უბრალოდ დევს პატაკი, თითქოს, საზოგადოებაში გავრცელებულია ჭორი, რომლის თანახმად, 2001 წელს, მოსკოვში მომხდარი დავით კაკულიას მკვლელობა უკავშირდება გია კვარაცხელიას სახელს. ეს არის ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ბრალდების მხარის პოზიციას, თითქოსდა ამყარებს მოტივთან მიმართებით და ეს არის პოლიციელის პატაკი. სხვა არანაირი ინფორმაცია საქმეში არ მოიპოვება“, — განაცხადა ადვოკატმა.

    მისივე თქმით, საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი წყარო — ყოფილი პოლიციელი, ამჟამად მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ინფორმაცია ჭელიძისგან მიიღო. ადვოკატის განმარტებით, ეს წყაროები სავარაუდო მოტივს განსხვავებულად აღწერენ: ერთი წყაროს თანახმად, დაზარალებულის მამას მკვლელობის დაკვეთას უკავშირებენ, მეორის მიხედვით კი, ძმები კაკულიები მას იმ შეკრებაზე დასწრებას ედავებოდნენ, სადაც მკვლელობის გადაწყვეტილება მიიღეს.

    „ბრალდების მოტივი ჭორზეა აგებული, ჭორი კი ანალოგიურ წყაროზე“, — აღნიშნა შოთა კაკულიამ.

    ადვოკატის მტკიცებით, 2001 წელს დავით კაკულია ექვსი წლის, გურამ კაკულია კი სამი წლის იყო. შესაბამისად, მისივე შეფასებით, ბრალდების ვერსია კითხვებს აჩენს, რადგან გამოძიება ვარაუდობს, რომ დაახლოებით 20 წლის შემდეგ ძმებმა შური იძიეს არა იმ პირზე, რომელსაც გავრცელებული ინფორმაცია მკვლელობას უკავშირებდა, არამედ მის შვილზე, ნიკო კვარაცხელიაზე.

    შოთა კაკულიას განცხადებით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მოწმე, ჩანაწერი ან მიმოწერა, რომელიც ძმებსა და ნიკო კვარაცხელიას შორის კონფლიქტს ან მუქარას დაადასტურებდა. მისივე თქმით, 2021 წელს ჭელიძისა და კავილაძის მიმართ გამოტანილ ბრალდების დადგენილებებში მოტივი მითითებული არ ყოფილა, ხოლო 2025 წლის ნოემბერში ბრალდების მხარე სავარაუდო მოტივის დასადგენად საბანკო მონაცემებს ითხოვდა. ადვოკატის მტკიცებით, ბანკებისა და ტოტალიზატორების მონაცემებში კაკულიებთან დაკავშირებული ინფორმაცია არ აღმოჩნდა, სავარაუდო მოტივი კი საქმეში მხოლოდ 2025 წლის 19 ნოემბერს, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაჩნდა.

    ადვოკატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში 35 ტომის მასალებია თავმოყრილი, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, ტანსაცმელი, დნმ-ისა და თითის ანაბეჭდების მონაცემები, სატელეფონო ინფორმაცია და ანძების მონაცემები, ეს მტკიცებულებები ჭელიძესა და კავილაძეს უკავშირდება და არა დავით და გურამ კაკულიებს.

    „არ არსებობს მოწმე, რომელმაც ნახა ან გაიგონა, როგორ დაუკვეთეს კაკულიებმა მკვლელობა. არ არსებობს ჩანაწერი, შეტყობინება ან ზარი, რომლითაც ისინი ვინმეს მითითებას აძლევენ“, — განაცხადა შოთა კაკულიამ.

    ცნობისთვის: ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიასა და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლითა და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ. 2021 წელს მოქმედი რედაქციით, აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გურამ და დავით კაკულიები სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან. კერძოდ, 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე მათ ცხრა-ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

    ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

    22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით მოკლეს.