სამართალი
    2026-10-30 | 11:16

    ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, დაკავებულია ექვსი პირი

    ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, დაკავებულია ექვსი პირი

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში სხვადასხვა დროს ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

    შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ერთ კილოგრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა“ და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.