პოლიტიკა
    2026-10-30 | 13:09

    „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის განადგურება და ერთპარტიული სისტემის დამყარება სურს - მაია კოპალეიშვილი

    „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის განადგურება და ერთპარტიული სისტემის დამყარება სურს - მაია კოპალეიშვილი

    „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით ერთპარტიული სისტემის დამკვიდრება და ავტორიტარიზმის განმტკიცებაა.

    როგორც კოპალეიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ სარჩელს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ის პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი.

    მისი შეფასებით, მმართველ გუნდს სურს, გააძლიეროს ერთპარტიული სისტემა, ხოლო მომავალში მისივე სატელიტი პოლიტიკური პარტიები რეალურ ოპოზიციად წარმოაჩინოს.

    „მმართველი გუნდი, ბუნებრივია, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მათი მიზანი პოლიტიკურია და არა სამართლებრივი — კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და თითქოს დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლა. არა! ისინი იბრძვიან მხოლოდ ერთპარტიული სისტემის დამკვიდრებისთვის. უნდათ, რომ მათი სატელიტი პოლიტიკური პარტიები შემდეგ აამოქმედონ და ისინი წარმოადგინონ, თითქოს რეალური ოპოზიციაა.

    ფაქტობრივად, ის მდგომარეობაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარიზმის სრული ფესვგადგმა სურს. დაწყებული აქვთ ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბება.

    „ქართულ ოცნებას“ მინდა ვუთხრა, რომ ასე შეფუთული მოქმედებებით ვერავის მოატყუებენ, რადგან მათი სარჩელი დაუსაბუთებელია, წმინდა პოლიტიკური მიზნები აქვს და არცერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მოპასუხედ ჰყავთ დასახელებული, კონსტიტუციის საწინააღმდეგო არცერთი ქმედება არ ჩაუდენია. მათი აკრძალვის არცერთი კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს.

    „ქართული ოცნება“ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ახორციელებს, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ბრმად დაჰყვება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მიზნებს“, — განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

    მსგავსი სტატიები