პოლიტიკა
    2026-10-30 | 13:20

    საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიულ პროცესს საფრთხეს უქმნის - ALDE

    საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიულ პროცესს საფრთხეს უქმნის - ALDE

    ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) განცხადებით, საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მათ შორისაა ALDE-ის წევრი „ლელო“, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ნაწილია.

    ALDE-ის შეფასებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ასობით ათასი ამომრჩეველი პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე დარჩება.

    ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ლიბერალური პოლიტიკური ძალები ხელისუფლების ამ ინიციატივის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. 25 ოქტომბერს, ALDE-ის წევრმა რამდენიმე ქართულმა პარტიამ თბილისში საპროტესტო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ოპოზიციური ალიანსის“ სახელით მიმდინარეობს. კამპანიის მთავარი გზავნილია: „საქართველო ივანიშვილის გარეშე. საქართველო უკეთესს იმსახურებს“.

    „ლელო“, რომელიც 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შემადგენლობაში მონაწილეობდა, იმ ხუთ პარტიას შორისაა, რომელთა აკრძალვასაც ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ითხოვს.

    ALDE-ის შეფასებით, ამ ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვან პოლიტიკურ კონკურენტებს პოლიტიკური პროცესიდან ჩამოაშორებს და დემოკრატიულ გარემოს კიდევ უფრო შეზღუდავს.

    ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საქმის შეწყვეტას მოითხოვს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, პასუხისმგებელი პირების მიმართ უფრო მკაცრი და მიზნობრივი სანქციები დააწესოს. განცხადების თანახმად, პარტიების აკრძალვის ინიციატივას ევროპარლამენტიც ეწინააღმდეგება.

    ALDE-ის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები ქვეყანაში განსხვავებული აზრის შეზღუდვის უფრო ფართო პროცესის ნაწილია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს „ლიბერალი ფაშისტები“ უწოდა, ხელისუფლებამ კი გაამკაცრა შეზღუდვები საპროტესტო აქციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.

    განცხადებაში საქართველოს ხელისუფლების მიდგომა ოპოზიციის წინააღმდეგ რუსეთის რეპრესიულ პოლიტიკასაც არის შედარებული.

    „ოპოზიციური ალიანსის“ საპროტესტო კამპანია 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. ეს თარიღი ორი წლისთავს უკავშირდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე შეჩერდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები და საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ შეშფოთება მოჰყვა.

    ALDE-ის შეფასებით, ბრძოლა მხოლოდ ხუთი პოლიტიკური პარტიის მომავალს არ ეხება. საკითხი ეხება ამომრჩევლის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები და საქართველოს შესაძლებლობას, დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის პირობებში ევროპული კურსი შეინარჩუნოს.

    „ALDE“ მხარს უჭერს „ლელოსა“ და მის ლიბერალურ პარტნიორებს და აცხადებს, რომ არ შეეგუება ისეთ პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვა შესაძლებელი იქნება.

    ორგანიზაციის განცხადებით, თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა გრძელდება.

    მსგავსი სტატიები