ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ ძალიან დიდ შემოსავალს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრებზე ნაწილდება - ირაკლი ფავლენიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პარტია საქართველოს ეკონომიკური მოდელის შეცვლას და აზარტული თამაშების სფეროს მონაკოს მოდელზე გადასვლას სთავაზობს.
როგორც ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებზე, ნარკოტიკების უკონტროლო ბრუნვასა და სხვა სქემებზეა დაფუძნებული, რაც, მისი შეფასებით, მოსახლეობის გაღარიბებას იწვევს.
„ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ ძალიან დიდ შემოსავალს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრებზე ნაწილდება და, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები გაღარიბებულები რჩებიან.
ჩვენ საქართველოს მონაკოს მოდელზე გადასვლას ვთავაზობთ, სადაც აზარტული თამაშები ტურისტული სფეროს შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ბიზნესს კი არ ვკლავთ, არამედ ეს ბიზნესი ტურისტებზე ორიენტირებული ხდება. ამ შემთხვევაში ფინანსური ნაკადებით ისარგებლებს საქართველოს მოქალაქე და აღარ გაიძარცვება ის, სამუშაო ადგილები შეიქმნება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემებს შორისაა ნარკოტიკების უკონტროლო ბრუნვა, ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობა და საბანკო სექტორში არსებული ვითარება.
ფავლენიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი პოლიტიკური ძალა იყო, რომელმაც ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებული სქემა ამხილა. მან ასევე ისაუბრა საბანკო ოლიგარქიაზე და განაცხადა, რომ არსებული სისტემა მოქალაქეების ძარცვას ემსახურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური მოდელი არა ხალხის ძარცვასა და ხალხისგან ფულის ამოღებაზე და კონკრეტული ადამიანების გამდიდრებაზე იქნება დაფუძნებული, არამედ საქართველოს წესიერი მოქალაქის გამდიდრებაზე. ჩვენ ამ მაფიოზურ მოდელს მოვანგრევთ და მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ მალე უნდა მოვშალოთ ეს მოდელი“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისი განცხადებით, არსებული ეკონომიკური მოდელი საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, ისე ქვეყნის დემოგრაფიულ მომავალს.