სურსათში ტრანსცხიმების განსაზღვრის ლაბორატორიული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში WHO-ს ექსპერტები იმყოფებიან
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტებს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში ლაბორატორიას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჟოაო ბრედა ეწვია.
ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტის მიზანია სურსათში ტრანსცხიმების განსაზღვრის მეთოდის გაუმჯობესება და ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობების გაძლიერება. საერთაშორისო ექსპერტები ლაბორატორიის სპეციალისტებთან ერთად იმუშავებენ კვლევის მეთოდების ოპტიმიზაციასა და შესაბამისი შესაძლებლობების განვითარებაზე.
„ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში სურსათში ტრანსცხიმების შემცირების მიმართულებით. საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც აუცილებელია ტრანსცხიმების შემცირების პროცესის ეფექტიანი კონტროლისთვის“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა ღვინჯილიამ.
სურსათში ტრანსცხიმების შემცირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ კვლევებს, რომლებიც სურსათში ტრანსცხიმების გამოვლენისა და მათი შემცირების პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობას ქმნის.
„ტრანსცხიმების მოხმარება ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს უკავშირდება. მათი შემცირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია უწყებათაშორისი თანამშრომლობა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო სასურსათო გარემოს შექმნას“, - აღნიშნა ჟოაო ბრედამ.
ვიზიტის დასკვნით ეტაპზე მხარეები შეაჯამებენ სამუშაო შეხვედრების შედეგებს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავენ.