შსს კატეგორიულად უარყოფს ნარკოდანაშაულში ბრალდებულის, ყოფილი ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას მიერ სამართალდამცველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს
შსს კატეგორიულად უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ სამართალდამცველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ნოდარ ჩაჩუას მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ცრუ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებითაც იგი სამართალდამცველებს მასზე და მის მეუღლეზე ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებს.
განვმარტავთ, რომ ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა.
მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერს, რომლითაც უტყუარად დადასტურდა ნოდარ ჩაჩუას მიერ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ რეალიზაციის ფაქტი. აღნიშნულ ფაქტს ნოდარ ჩაჩუას მეუღლე, ლალი ბერიაც ესწრებოდა.
სამართალდამცველებმა ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე, ლალი ბერია, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში, მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს.
პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას, რომლის ვიდეოგადაღებაც პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს, ლალი ბერიამ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს გამრეკელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ინახავდა და ნებაყოფლობით მიუთითა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა.
ნოდარ ჩაჩუასა და ლალი ბერიას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“.
ამავე ბინიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ნივთები, მათ შორის, ელექტროსასწორი, კოლბები და წებოვანი ლენტები.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ნოდარ ჩაჩუა და ლალი ბერია ბრალდებულის სახით დააკავეს.
ნოდარ ჩაჩუას ბრალდება წარედგინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.
რაც შეეხება ლალი ბერიას, მას ბრალდება წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ლალი ბერიამ სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობებით: 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, 3 წლით პირობითი მსჯავრი და 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ სამართალდამცველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს და ჩატარდა შესაბამისი საპროცესო ნორმების დაცვით“,- ნათქვამია ინფორმაციაშია.
ცნობისთვის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ნოდარ ჩაჩუამ დღეს ციხიდან განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის მეუღლეზე და ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. ასევე, მისი თქმით, დაკავებამდე მის მიმართ ადგილი ჰქონდა დაშინებას და მუქარას სამართალდამცველების მხრიდან.
,,დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი დაკავების მომენტში, ჩემს სახლში, თითქმის 2 საათის განმავლობაში, ჩხრეკის დაწყებამდე მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო ცკპდ-ს ორი მაღალჩინოსანი. სახელები და გვარები არ ვიცი, თუმცა ორივეს ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში შემიძლია. მათ მიერ დასახელებული პირები, რომელთა წინააღმდეგაც ჩემგან ჩვენების მიცემას ითხოვენ და საქმე, რომლის აღიარებასაც მოითხოვენ, მიჩენს განცდას, რომ ცკპდ-ს ჩინოსნებს ამ საბჭოთა მეთოდით რაიმე დანაშაულის გახსნა კი არ აქვთ მიზნად, არამედ ეს ყველაფერი იმ სცენარის ნაწილია, რომელიც მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამყარებას ემსახურება, თუმცა სცენარი ჩავარდა",- აცხადებს ჩაჩუა.