საზოგადოება
    2026-11-14 | 11:58

    სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა საეთაშორისო გაცვლით პროგრამაში მცენარეთა დაცვის ქართული გამოცდილება წარადგინეს

    სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა საეთაშორისო გაცვლით პროგრამაში მცენარეთა დაცვის ქართული გამოცდილება წარადგინეს

    სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის „მწვანე უნარების განვითარების გაძლიერება“ ფარგლებში გამართულ საერთაშორისო გაცვლით შეხვედრაში. პროგრამაში საქართველოს, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და პაკისტანის აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა.

    ოთხდღიანი პროგრამის სამუშაო სესიებისა და სასწავლო შეხვედრების ფარგლებში ცენტრის სპეციალისტებმა მონაწილეებს მცენარეთა დაცვის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოში დაგროვილი სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. მოხსენებები შეეხებოდა მცენარეთა კვების როლს მავნებლებისა და დაავადებების მიმართ გამძლეობის ჩამოყალიბებაში, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პრინციპებსა და პრაქტიკულ მიდგომებს. ასევე განხილული იყო აზიური ფაროსანას ბიოლოგია, ეკოლოგია, გავრცელება, მონიტორინგისა და მართვის მეთოდები, ბიოლოგიური კონტროლის შესაძლებლობები და კლიმატის ცვლილების პირობებში მცენარეთა დაცვის მდგრადი სისტემების განვითარების საკითხები.

    საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზასაც ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ვირუსოლოგიისა და PCR ლაბორატორიები და გაეცნენ ცენტრში მიმდინარე კვლევებსა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდებს. ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსმა წარადგინა პრეზენტაცია მავნებლების ინტეგრირებული მართვის სისტემის (IPM) მნიშვნელობის შესახებ. პრაქტიკული სესიის ფარგლებში კი მონაწილეები გაეცნენ ვაზის ყვითლობის (Flavescence dorée, Bois noir) და ვაზის ვირუსული ინფექციების გამოვლენის, მონიტორინგისა და მართვის ქართულ გამოცდილებას.

    სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზაზე დაცული ქართული იშვიათი ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კოლექცია და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე. ვიზიტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გაცნობოდნენ ცენტრის კვლევით ინფრასტრუქტურას და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

    ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რაც მხარეებს შორის სასწავლო და სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.