სამართალი
    2026-11-14 | 17:25

    დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

    დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

    დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

    აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

    გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

    პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ პატარიძეს სთხოვა ვატო ყიფიანმა ის და კიდევ 4 კაცი დავით ფეიქრიშვილის საკანში შეესახლებინათ, რაც პატარიძემ ციხის დირექტორს დაავალა.

    პროცესს ორივე ბრალდებული ესწრებოდა.

    პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება 13 ნოემბერს წარუდგინა.