პოლიტიკა
    2026-11-16 | 09:39

    ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართება - ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს

    ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართება - ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს

    ვროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ.

    ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, ღონისძიებას სახელწოდებით : „უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა“, დაესწრებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების პროცესში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

    ფორუმს მარტა კოსი გახსნის, რასაც მოჰყვება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის, მიმართვები. ღონისძიების დროს მონაწილეები განიხილავენ გაფართოების როლს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ შეუძლია რეფორმებს, ინვესტიციებსა და ზრდას დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პროცესის წარმართვა და ევროპის უსაფრთხოებისა და მდგრადობის ხელშეწყობა.

    დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ.

    საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში, რომელიც რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრები სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.

    ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს, - ასე უპასუხეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში კითხვაზე - მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების ფორუმში და დაკავშირებადობის მინისტერიალში.

    „ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.

    მსგავსი სტატიები