პოლიტიკა
    2026-11-16 | 10:45

    რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს განაახლებენ  – რუსეთის საგარეო უწყება

    რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს განაახლებენ  – რუსეთის საგარეო უწყება

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დაამყარეს. რუსეთის მხრიდან მასთან ურთიერთობას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი უხელმძღვანელებს.

    „გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დამყარებულია. რუსეთის მხრიდან მისი მეწყვილე განსაზღვრულია – ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი უცვლელად გამოდის საქართველოსთან პრაგმატული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების მომხრედ“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში გამოცემა „იზვესტიასთან“.

    უწყების ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ტურიზმის, სატრანსპორტო კავშირებისა და კულტურული გაცვლების განვითარებას შეეხება.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალ ფორმატს 2012 წელს დაწყებული და თითქმის ათი წლის განმავლობაში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის ფაქტობრივ განახლებად აფასებენ.

    საქართველოს ხელისუფლებამ გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ოქტომბრის ბოლოს დანიშნა.

    ნოემბრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზურაბაშვილის დანიშვნას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ თბილისი რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში კომუნიკაციის არხების გაძლიერებას აპირებს.

    ამასთან, კობახიძის განცხადებით, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება აფერხებს.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვა გამორიცხულია. იმავე წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ საქართველომ, აფხაზეთმა და ცხინვალის რეგიონმა შერიგების ფორმატი თავად უნდა განსაზღვრონ. მისი თქმით, საერთო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, რუსეთი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების მიღწევაში დახმარებისთვის მზად არის.

     

    მსგავსი სტატიები