პოლიტიკა
    2026-11-16 | 14:17

    საქართველო რუსული კაპიტალის გათეთრებისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის თავშესაფრად იქცა - ლაშა ფარულავა

    საქართველო რუსული კაპიტალის გათეთრებისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის თავშესაფრად იქცა - ლაშა ფარულავა

    „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, საქართველოში რუსული კაპიტალის კრიპტოვალუტით გადაადგილებისა და გათეთრების ფაქტები სისტემურ პრობლემად იქცა, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ.

    მისი თქმით, საქართველო რუსული ფულის გათეთრებისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის თავშესაფრად იქცა.

    „საქართველოში რუსული კაპიტალის კრიპტოვალუტით გადაადგილებისა და გათეთრების ფაქტებთან დაკავშირებით არამხოლოდ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული გუნდი, არამედ უკვე დიდი ბრიტანეთის ელჩიც საუბრობს.

    ერთი წლის წინ პროკურატურამ 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ეს პროცესები არ შეჩერებულა. „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, როგორ თეთრდება ყაზბეგის ქუჩაზე მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების ფული კრიპტოგადარიცხვებით.

    აშშ-მ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანია ტერორიზმის მხარდაჭერის გამო დაასანქცირა, დიდმა ბრიტანეთმა კი სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობისთვის სამი კრიპტოკომპანია დაასანქცირა.

    ეს უკვე ცალკეული შემთხვევები აღარ არის — ეს სისტემური პრობლემაა. ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო სანდოობას, ფინანსურ რეპუტაციას და, რაც მთავარია, ქვეყნის ფინანსურ უსაფრთხოებას“, — განაცხადა ფარულავამ.

    მისივე შეფასებით, აღნიშნულ პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ, ფინანსური ზედამხედველობის მიმართულებით კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას.

    ფარულავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ინსტიტუტები სათანადოდ არ რეაგირებენ ფინანსური დანაშაულის ფაქტებზე და ხელს უწყობენ ამ სისტემის არსებობას.

    მსგავსი სტატიები