სამართალი
    2026-11-16 | 19:18

    მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელი „ფეისბუქ-პოსტის“ გამო ლაშა ნაცვლიშვილი სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა

    მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელი „ფეისბუქ-პოსტის“ გამო ლაშა ნაცვლიშვილი სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა

    მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელი „ფეისბუქ-პოსტის“ გამო, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

    სხდომას არ დასწრებია ლაშა ნაცვლიშვილი, სასამართლოში არ მივიდა არც მისი ადვოკატი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ნაცვლიშვილს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ედავებოდა.

    ლაშა ნაცვლიშვილი წარსულში იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, ასევე მუშაობდა უშუალოდ პარტიაშიც. პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული  პირია.

    წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საინფორმაციო პროცესებში. იყო პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამჟამად პოზიციონირებს როგორც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. 

    შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. სასულიერო პირი ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. აღნიშნული პოზიციის გამო, მეუფე იობი ცალკეული პირების, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი გახდა.

    მსგავსი სტატიები