სამართალი
    2026-11-17 | 18:20

    სასამართლომ ჟურნალისტი ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

    სასამართლომ ჟურნალისტი ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებული ჟურნალისტი, ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.

    გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. მსჯავრდებული ჟურნალისტი ბრალდებას არ აღიარებს.

    ელისო კილაძემ სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

    კილაძის თქმით, მისი დაკავება „არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუს-ის ყოფილი დირექტორი მამუკა მდინარაძეა, რომელსაც მხარს უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი გიორგი გვარაკიძე“.

    „ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე. ეს იყო სპეცოპერაცია ჟურნალისტ ელისო კილაძის პერსონალური განადგურებისთვის, მისი რეპუტაციული სიკვდილისათვის, ქრონიკა + – ის დასახურად. ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ, თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე. ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე. ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს. და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. სიმართლე სინათლეა. ესაა ჩემი ბოლო სიტყვა“, – აღნიშნა კილაძემ.

    ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

    მსგავსი სტატიები