სამართალი
    2026-11-18 | 14:00

    ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

    ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

    ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, მორიგ ჯერზე 19 ოქტომბერს დააპატიმრეს.

    მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ვახო სანაიას ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.

    „ძალიან მეუხერხულება საუბარი, რომ 1 თვე ვიყავი საპატიმროში, 14 დღე თუ ასე შემდეგ...ჩვენ ისეთი ხალხი გვყავს ციხეში, ჩვენი პოლიტიკური პატიმრები, „სინდისის პატიმრები“, ყველა მათზე უნდა ვზრუნავდეთ და მაქსიმუმს ვაკეთებდეთ, რათა ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. აუცილებლად მივიყვანთ. რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვისაუბრეთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. არ დავაკორექტირებთ ჩვენს სიტყვებს იმის გამო, რომ ივანიშვილს ცალკე ლექსიკონი აქვს შედგენილი და ის სიტყვები შეაქვს, რაც არ უნდა, რომ გაიგოს. ჩემი ქცევა ამით არ შეიცვლება. მათი გზავნილია: „ყველას დაგიჭერთ“, „ყველას ჯარიმებს დაგიწერთ“! ჰქონდეთ ეს გზავნილი. ჩვენი გზავნილია: არ გვეშინია! არ გვეშინია არანაირი მეთოდის. ისინი ვერ იქნებიან გამარჯვებულები, ჩვენ არ ვიქნებით დამარცხებულები“,- აღნიშნა ვახო სანაიამ.

    შეგახსენებთ,  ვახო სანაიას  30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

    ჟურნალისტი ვახო სანაია ასევე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

    მსგავსი სტატიები