ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი ზრდასრული მამაკაცი რჩება. ინგოროყვას კლინიკაში ორი მცირეწლოვანი - 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონაა მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა. მინისტრის ინფორმაციით, მათ სახიფათო და რთული დაზიანებები არ აქვთ.
რაც შეეხება მამაკაცს, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, ის ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. „უსინათლოთა დასახლების“ 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.
ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.