რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკებები საერთაშორისო გარანტიების გარეშე მიუღებელია - გიორგი შარაშიძე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, ვინ და რა ფორმატით აწარმოებს მოლაპარაკებებს. მისი შეფასებით, მინსკში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა მიუღებელია, რადგან პროცესს საერთაშორისო გარანტიები არ ახლავს.
„ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ რუსეთთან დიალოგი საჭიროა, მეტიც, აუცილებელია. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენს გარდა სხვა ვერავინ გააკეთებს, მაგრამ აქ მთავარია, ვინ ელაპარაკება რუსეთს. დღეს ვხედავთ, რომ კორუმპირებული და არაკომპეტენტური „ოცნება“, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო იზოლაციაში აღმოჩნდეს და აღარ დარჩეს სტრატეგიული პარტნიორები, რუსეთს პირისპირ ელაპარაკება.
ამ მოლაპარაკებას არ აქვს არანაირი დაცულობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გარანტები არიან.
ჟენევის ფორმატი სწორედ იმიტომ იყო მისაღები, რომ მასში თანათავმჯდომარეები მონაწილეობენ და საქართველოს ინტერესების დაცვას არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირი, გაერო და სხვა საერთაშორისო პარტნიორებიც ცდილობენ.
როდესაც ამის ალტერნატივად „ოცნება“ გვთავაზობს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირისპირ მოლაპარაკებებს რომელიღაც რუსული გავლენის მქონე დედაქალაქში, ყოველგვარი საერთაშორისო გარანტიების გარეშე, ეს, მათ შორის, ჩვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით, მიუღებელია“, - განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და რიგ შეთანხმებებს მიაღწიეს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ ფორმატის ფარგლებში შეხვედრებს გააგრძელებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრას „განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის“ ფარგლებში გამართული უწოდა. უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს და რიგ პრაქტიკულ შეთანხმებებს მიაღწიეს.