საქართველოს წარმომადგენელი ყველა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს, მათ შორის პირისპირ მოლაპარაკებების დროსაც - ნინო წილოსანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია და საქართველოს წარმომადგენელი ყველა იმ მოლაპარაკებაში უნდა მონაწილეობდეს, სადაც საკითხების დარეგულირების შესაძლებლობა არსებობს.
წილოსანი მინსკში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა შეხვედრის ადგილი, არამედ მიღწეული შედეგი.
„როდესაც გაქვს ასეთი მწვავე პრობლემა, როგორიც არის ოკუპაცია, როდესაც ხედავ, რომ ვერავინ დამატებით სხვა მხარე ვერაფერ ხელშესახებს ვერ აკეთებს, შენს პრობლემებს შენზე უკეთ ნამდვილად ვერავინ მოაგვარებს. ამიტომ ასეთი სახის კომუნიკაციები არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი.
აქამდე არსებული შედეგები არ არის დამაკმაყოფილებელი, ოკუპაცია უმწვავესი ფორმებით ვლინდება პერიოდულად და საქართველოს წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იჯდეს ყველა იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, მათ შორის პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთანაც, სადაც რაიმე შანსი არსებობს, რომ არსებული საკითხები რაიმე ფორმით დარეგულირდეს“, - განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, 2012 წლიდან არსებობს საქართველოს სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის წარმომადგენლის ურთიერთობის ფორმატი, თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ ფორმატის უფრო მაღალ დონეზე გააქტიურების აუცილებლობას ხედავს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი არის შედეგი და არა ის, სად გაიმართება შეხვედრა. პრაქტიკული შეთანხმებები არის უკვე პოზიტიური შედეგი“, - აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდა.